Aa
Aa

"ულტრასები", რომლებსაც რუსულმა სასამართლომ მუნდიალზე დასწრების უფლება მისცა

რუსულმა სასამართლომ ასობით რუს „ულტრას გულშემატკივარს სტადიონზე შესვლის აკრძალვა მოუხსნა და მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე დასწრების უფლება მისცა. მათ შორისაა არტიომ კოლუზაიევი, რომელიც ერთ-ერთი რადიკალური დაჯგუფების, „კოლექტივ 18“-ის წევრია. მისი დისკვალიფიკაცია 1 ივნისს დასრულდა და მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ მატჩზე იგი სტადიონზე ორი ასაფეთქებელი ხელსაწყოთი გამოცხადდა, მოსამართლემ მას მუნდიალზე შესვლის ნება დართო.

მაისში რუსეთის მთავრობამ აკრძალვა 456 გულშემატკივარს დაუწესა, თუმცა რამდენიმე დღის წინ სასამართლომ 104 მათგანს დისკვალიფიკაცია მოუხსნა და მსოფლიოზე დასწრების უფლება მისცა. ერთ-ერთი მათგანი მაქსიმ ტაურინია, მან ერთ-ერთი მატჩისას დროშას, კაშნეს და გუნდის ფორმას ცეცხლი წაუკიდა და მოწინააღმდეგე გუნდის ქომაგებისკენ ისროლა. რუსული სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრებს ნახავს!

მასთან ერთად ალექსანდრ კომოვიც იქნება, რომლის დისკვალიფიკაციას უბრალოდ ვადა გაუვიდა!

სტადიონზე შესვლა „სპარტაკის“ ქომაგს, ანდრეი ვოლკოვსაც შეეძლება, ამ უკანასკნელმა სოციალურ ქსელში ფოტო გაავრცელა, სადაც პეტარდებით “განათებული” მატარებელი მოჩანდა.

მუნდიალს რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი "ულტრასი", ანდრეი ავრამენკოც დაესწრება, სანკტ-პეტერბურგის მკვიდრი დაცვის წევრების შეურაცხყოფაში ბევრჯერაა შემჩნეული და დამსწრე საზოგადოების მიმართ უპატივცემულობა არაერთხელ გამოხატა.

ავრამენკოს მსგავსად იური კოსტრიუკოვიც ცნობილი „ულტრასია“. იგი მატჩებს რამდენჯერმე მთვრალი დაესწრო, სტადიონზე მყოფ სხვა ქომაგებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მოედანზე პეტარდები ისროლა.

კრემლის ინფორმაციით 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე მარსელის ქუჩებში რუსებსა და ინგლისელებს შორის მომხდარი ჩხუბის მსგავსი ინციდენტები რუსეთში არ იქნება და ყველაფერი კარგად ჩაივლის, თუმცა არავინ იცის რუსი პოლიცია ზემოთხსენებული გულშემატკივრების შეჩერებას როგორ აპირებს.

საბედნიეროდ სასამართლომ ბევრ რადიკალ ქომაგს მუნდიალის მატჩებზე დასწრება აუკრძალა, მათ შორის, დმიტრ დმიტრიევი, სერგეი კომისაროვი, ევგენი კობლიაკოვი, ანტონ ტრუშკინი და ევგენი ჟერდოვი არიან.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები