ტოჩინოშინი საქართველოში ჩამოვიდა! გრანდიოზული დახვედრა აეროპორტში!
ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი საქართველოში ჩამოვიდა.
თბილისის აეროპორტში ტოჩინოშინს ასობით ადამიანი დახვდა.
ქართველმა სეკიტორმა უამრავი სამახსოვრო ფოტოს გადაღებისა და ხელმოწერების დარიგების შემდეგ აეროპორტი დატოვა.
Japantimes-ის ინფორმაციით, ტოჩინოშინის სამშობლოში ვიზიტი, მისი ძმის ქორწილს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძემ „ნაცუ ბაშო“ მოგება-წაგებათა ბალანსით 13-2-ზე დაასრულა და ოძეკის წოდება მიიღო.

ქართველი მებრძოლი სუმოს ისტორიაში მე-3 ევროპელი და პირველი ქართველი ოძეკი გახდა.
კვირას, იაპონელ ჟურნალისტებთან საუბრისას ტოჩინოშინმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყანაში სუმოს რინგის (დოჰიოს) აშენებას სთხოვს.
დღეს 17:30 პარლამენტის თამჯდომარე ქართველ სუმოისტს მიიღებს და მას სპორტის რაინდის წოდებას გადასცემს.
აქვე გეტყვით, რომ მომდევნო „ნაგოია ბაშო“ 8 ივლისიდან 22 ივლისამდე გაიმართება.