Aa
Aa

ტოჩინოშინი: "საქართველოს პრეზიდენტს დოჰიოს აშენებას ვთხოვ"

ტოჩინოშინმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სუმოს რიგით მეორე წოდება - ოძეკი მოიპოვა, კვირას, იაპონელ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყანაში სუმოს რინგის (დოჰიოს) აშენებას სთხოვს.

30 წლის სეკიტორი, რომელმაც იანვრის ბაშო მოიგო, 2018 წელს საქართველოში პირველად ჩადის და პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს.

ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანში“ ყოფნისას ტოჩინოშინმა განაცხადა:“ჯერჯერობით საქართველოში დოჰიო არ გვაქვს. პრეზიდენტს ბევრ საკითხზე დაველაპარაკები და ერთ-ერთი სუმოს საბრძოლო ველის აშენება იქნება“.

ლევან გორგაძე მესამე ევროპელი გახდა, რომელმაც ოძეკის წოდება მიიღო. სუმოს ასოციაციამ ქართველი სეკიტორს, სუმოს რიგით მეორე წოდება ოთხშაბათს მიანიჭა. ივლისში გასამართ „ნაგოიას ბაშოზე“ ტოჩინოშინთან ერთად ოძეკის სტატუსით ტაკაიასუ და გოეიდო იასპარეზებენ. საქართველოში ლევანი ძმის ქორწილში დასასწრებად ჩადის.

გორგაძემ მომავალ ტურნირებზე ისაუბრა და აღნიშნა:„ძალიან ვნერვიულობ, რადგან ვიცი, რომ ყველაფერი შეიცვლება. შეგუება ბევრ რამესთან მომიწევს, რაც ადვილი ნამდვილად არ იქნება“.

შეგახსენებთ, რომ „ნაგოიას ბაშო“ 8 ივლისს იწყება და 22 ივლისამდე გასტანს.

ცხელი ამბები