Aa
Aa

როცა წაგება სამარცხვინო არ არის - 20-წლამდელებმა სამხრეთ აფრიკასთან დიდებულად ითამაშეს!

საფრანგეთში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ტურის შეხვედრა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გამართა და 27:33 დამარცხდა.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი 17:12 მოიგეს. ქართველებმა ბრწყინვალე რაგბი ითამაშეს და ორი ულამაზესი ლელო დადეს, რომელსაც ზუსტი გარდასახვებიც მოაყოლეს.

ლელოს ავტორები ლაშა ლომიძე და დემე თაფლაძე გახდნენ, ხოლო ორივე გარდასახვა ზუსტად გელა აფრასიძემ შეასრულა. მოპოვებული ჯარიმა ასევე აფრასიძემ შეასრულა, რომელიც კვლავ ზუსტი იყო.

მეორე ნახევარი მიუტევებელი შეცდომით დავიწყეთ და ბურთის არაზუსტი მოგერიების დროს სამხრეთ აფრიკელებს ლელო ვაჩუქეთ - 17:19.

49-ე წუთისთვის სამხრეთ აფრიკამ უპირატესობა გაიმყარა და ჩვენი გუნდის დაცვის უყურადღებობით ისარგებლა, რასაც მორიგი ლელო მოჰყვა. შემდეგ იყო ზუსტი გარდასახვა და ანგარიში 17:26 გახდა.

53-ე წუთისთვის "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც გელა აფრასიძემ ზუსტად შეასრულა - 20:26.

მიუტევებელი შეცდომების შედეგად ნაჩუქარმა ლელოებმა საქართველოს ნაკრები მოშალა და ამით სამხრეთ აფრიკელებმა კიდევ ერთხელ ისარგებლეს - 20:33.

აღსანიშნავია, რომ ფიზიკურად სამხრეთ აფრიკელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ. ქართველ მორაგბეებს თავის დაცვის დროს უდიდესი ენერგიის დახარჯვა უწევდათ.

სამხრეთ აფრიკელთა უპირატესობა რაქში საგრძნობი იყო და ამ პრობლემამ საბოლოოდ მატჩის ბედი გადაწყვიტა.

72-ე წუთზე ქართველმა მორაგბეებმა კიდევ ერთხელ იყოჩაღეს და ლუკა დვალიშვილმა მესამე ლელო დადო, გარდასახვაც ზუსტად შევასრულეთ - 27:33.

ბოლო წუთებზე დროის სიმცირის გამო საქართველოს ნაკრებმა შეტევის განხორციელება ვეღარ შეძლო და სამხრეთ აფრიკელებმაც დროის გაწითლებასთან ერთად ბურთი მოიგერიეს - შეხვედრა დასრულდა.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ვაჟკაცურად იბრძოლეს და ლამაზი რაგბი ითამაშეს. რომ არა დაცვაში უყურადღებობა, ამ შეხვედრის მოგებაც შესაძლებელი იქნებოდა.

საქართველოს ნაკრებმა აქტივში ბონუს ქულა ჩაიწერა.

ჩვენი ბიჭებისგან ბევრი ასეთ თამაშს არ ელოდა. ბოლო წუთამდე გამარჯვების შანსი გვქონდა და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

დღეს მეტოქე ოდნავ უფრო ძლიერი იყო, მაგრამ მათი დამარცხების დროც მოვა და ეს დრო არც ისე შორსაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მეორე ტურის შეხვედრას 3 ივნისს მასპინძელი საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს.

ცხელი ამბები