Aa
Aa

საქართველო თავისუფალი სტილით სათხილამურო და სნოუბორდის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს!

თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში, კონკრეტულად გუდაურსა და ბაკურიანში ჩატარდება. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ (FIS) აღნიშნული გადაწყვეტილება საბერძნეთში გამართულ კონგრესზე მიიღო.

საქართველომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი გასულ წელს გამოთქვა და პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ ჯან-ფრანკო კასპერს ქვეყნის მიზნები და გეგმები გასული წლის თებერვალში გააცნო.

გიორგი კვირიკაშვილმა ჯან-ფრანკო კასპერს მთის კურორტებისა და ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

2017 წლის აპრილში კი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი ოფიციალურად წარადგინა, რის შემდეგაც მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გენერალურ მდივან სარა ლუისს და მის თანმხლებ დელეგაციას საქართველოში უმასპინძლა.

სათხილამურო ფრისტალში FIS-ის ექსპერტ–კოორდინატორი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ქვეყნის სამთო პოტენციალსა და შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნო. მთის კურორტებისა და ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან წარმატებულად შეფასდა.

FIS-ის ექსპერტთა ჯგუფი, მსოფლიო ჩემპიონატისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ტექნიკური ინსპექციის განხორციელების მიზნით, ქვეყანას გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენჯერმე ეწვია.

პროცესში აქტიურად იყო ჩართული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აგრეთვე საქართველოს სათხილამურო ფედერაცია (GSF).

ცხელი ამბები