ლიონელ მესი, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

გოლი და ორი ასისტი - მესი არგენტინის ნაკრებს დაემშვიდობა

ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში ასპარეზობა დაასრულა - ბუენოს-აირესში, „მონუმენტალზე“ გამართულ ამხანაგურ მატჩში „ალბისელესტემ“ ბენინი 3:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორეს სტარტზე კი მესის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ანგარიში ნიკოლას ოტამენდიმ გახსნა. 61-ე წუთზე ცვლილებაზე შესულმა ნიკო პასმა მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა (საგოლე პასი ისევ მესის ანგარიშზეა), ხოლო 71-ე წუთზე ლიონელ მესიმ აგუსტინ გიაის წინააღმდეგ წესების დარღვევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ მესიმ სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს მიმართა:

„სიამოვნებით დავრჩებოდი ნაკრებში უსასრულოდ, მაგრამ ვგრძნობ, რომ წასვლის დრო დადგა. მსოფლიო ჩემპიონატი ემოციებით სავსე იყო. ტიტულის დაცვაზე ვოცნებობდით და ამასთან ძალიან ახლოს ვიყავით, თუმცა ასეთია რეალობა: არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.

ინგლისთან ნახევარფინალში ძალიან ბევრი ენერგია წაგვართვა - როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად, თუმცა მაინც ბოლომდე ვიბრძოდით. მადლობა ყველა ჩემს თანაგუნდელს, ვისთან ერთადაც ბავშვობის ოცნებები ავისრულე: მოვიგე მსოფლიო ჩემპიონატი, კოპა ამერიკა, ფინალისიმა. ნებისმიერ მეტოქესთან თამაშისას ვიცოდი, რომ გვერდით ნამდვილი მეომრები მყავდა, რომლებიც გამარჯვებისთვის ყველაფერს გაიღებენ.

ნაკრებიდან წასვლა ძალიან მტკივნეული იქნება. ამ მაისურის ტარება ჩემთვის უდიდესი პატივი იყო. ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი არ შემიწყვეტია ბრძოლა და ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი“.

208 მატჩი და 126 გოლი - ასეთია ლიონელ მესის სანაკრებო სტატისტიკა. „ალბისელესტეს“ შემადგენლობაში მისი დებიუტი 2005 წელს ხორვატიასთან ამხანაგურ მატჩში შედგა. ნაკრებთან ერთად მესიმ ორჯერ კოპა ამერიკა, თითო ჯერ კი მსოფლიო ჩემპიონატი და ფინალისიმა მოიგო. ასევე, 2008 წელს მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მესი და რონალდუ ოქროს ბურთზე არ მათხოვრობდნენ“ - ესპანელი ჟურნალისტი
„მესი და რონალდუ ოქროს ბურთზე არ მათხოვრობდნენ“ - ესპანელი ჟურნალისტი