Aa
Aa

"ყველაფერი უახლოეს რამდენიმე დღეში გადაწყდება" - ჯერარდი "რეინჯერსის" მწვრთნელი ხდება

მოსალოდნელია, რომ „ლივერპულის“ ლეგენდა სტივენ ჯერარდი გლაზგოს „რეინჯერსის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნება.

ჯერარდმა გუშინ გავრცელებული ინფორმაცია არ უარყო და დაადასტურა, რომ „რეინჯერსის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები მართლაც აქვს და ის წარმატებითაც მიმდინაროებს.

ორშაბათ დილით, „რეინჯერსის“ დროებითი მთავარი მწვრთნელი გრემ მურტის დათხოვნა, ჯერარდის გლაზგოელთა თავკაცად დანიშვნას კიდევ უფრო რეალურს ხდის.

ინგლისელმა ფეხბურთელმა BT Sport-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მადრიდიდან დაბრუნების შემდეგ გამოჩნდება გაგრძელდება, თუ არა მოლაპარაკებები კვლავინდებურად პოზიტიურად.

„დიახ, „რეინჯერსთან“ მოლაპარაკებები მაქვს, რომელიც პოზიტიურად მიმდინარეობს და ყველაფერი უახლოეს რამდენიმე დღეში გადაწყდება“.

გარი ლინეკერის დასმულ შეკითხვაზე, გახდება თუ არა ის „რეინჯერსის“ მთავარი მწვრთნელი, ჯერარდმა მოკლედ უპასუხა: „ვნახოთ“.

როგორც ჩანს, ჯერარდსა და „რეინჯერსს“ შორის მოლაპარაკებების მსვლელობისას პრობლემები წამოიჭრა და ერთ-ერთი მათგანი სატრანსფერო ბიუჯეტია. გუნდი გადახალისებას საჭიროებს და ეს აშკარაა.

„რეინჯერსის“ ფინანსურმა მოგებამ ბოლო 6 თვეში მხოლოდ 600 ათასი ფუნტი შეადგინა. გლაზგოელები ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად სესხის აღებას გეგმავენ.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯერარდს „რეინჯერსისგან“ ფეხბურთელების დამატების საკითხზე გარანტიის მიღება სურს.

„ლივერპულის“ ლეგენდის სურვილია, რომ მის საქმეში არავინ ჩაერიოს და გუნდი თავად დააკომპლექტოს. როგორც ცნობილია, მას სპორტული დირექტორის მარკ ალენის დაქვემდებარებაში მოუწევს მუშაობა, რომელიც ადრე „მანჩესტერ სიტის“ აკადემიის ხელმძღვანელად მუშაობდა.

5 წლიანი დაქვეითების შემდეგ „რეინჯერსი“ უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა და მათ ახალი სეზონიდან „სელტიკისთვის“ წინააღმდეგობის გაწევა და ტიტულის მოგება სურთ.

„რეინჯერსს“ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ ძალიან გაუჭირდება, რადგან სანამ გუნდში მარკ ალენი მოვიდოდა, გლაზგოელებმა სატრანსფერო პოლიტიკა ძალიან ცუდად წარმართეს და ბიუჯეტი არასწორი მიმართულებით გამოიყენეს. ამ ყველაფერმა კი გუნდი კატასტროფამდე მიიყვანა, რომელიც ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის მე-4 გუნდთან დამარცხებით დასრულდა.

ამ მიმართულებით მუშაობამ კლუბის აკადემიის მოთამაშეები დააზარალა, რადგან მათ დაწინაურების საშუალება არ მიეცათ. ალენი ამ პრობლემის მოგვარებას გეგმავს.

„ოლდ ფირმის“ დერბიში „სელტიკთან“ დამარცხების (5:0) შემდეგ „რეინჯერსმა“ მე-2 პოზიცია დაკარგა და ევროზონაში მოხვედრის შანსები საგრძნობლად შეიმცირა.

გლაზგოელები „აბერდინს“ 3 ქულით ჩამორჩებიან და 65 ქულით „ჰიბერნიანთან“ ერთად მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები