„სხვას რას ელოდებით?“ - ეტოომ ინფანტინო დაიცვა
ლეგენდარულმა კამერუნელმა ფეხბურთელმა, სამუელ ეტოომ, რომელიც ამჟამად ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობს, L’Equipe-თან ინტერვიუში ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო დაიცვა.
„ფეხბურთი ისედაც იყიდება. ვინ აფინანსებს ფეხბურთს? ის კომპანიები, რომლებიც რეკლამაში ფულს იხდიან. თუ უეფა თავის ინტერესებს იცავს, რატომ გვაკრიტიკებენ ჩვენ საკუთარი ინტერესების დაცვისთვის? ჯანი ინფანტინომ აფრიკული ფეხბურთის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამდენ ფედერაციას ახალი შენობები ვერ ექნებოდა.
უეფას დიდი წვლილი შეაქვს მსოფლიო ფეხბურთში, მაგრამ ის ერთადერთი ან ყველაზე მნიშვნელოვანი კონფედერაცია არაა. ხალხს წარმოდგენა არ აქვს, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ აფრიკული ფედერაციები. ზოგიერთ ქვეყანაში ფულის 95 ან 100 პროცენტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოდის, რაც დიდი პრობლემაა.
როდესაც ფედერაციის ბიუჯეტი 150 ათასი ევროა, როგორ უნდა გავუწიოთ კონკურენცია დიდ ქვეყნებს? კამერუნში რომ 20-40 მილიონი დოლარი ბიუჯეტი გვქონდეს, მბაპე და ჩუამენი გვეყოლებოდა. ზოგიერთ ახალგაზრდას, რომლებსაც ფეხბურთელობა სურთ, სტადიონამდე 20 კილომეტრის გავლა უწევთ. რამდენი სტადიონია პარიზში? რატომ არ უნდა ვოცნებობდეთ იმაზე, რომ ჩვენთანაც ამდენი სტადიონი იყოს? ამიტომაა საჭირო ისეთი ინიციატივები, რომელზეც ინფანტინო საუბრობს“.
შეგახსენებთ, რომ ფიფას სურდა შეექმნა FIFA Forward Enterprise (FFE) - ახალი კომერციული სტრუქტურა ტურნირებზე, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატზე, უფლებების კერძო ინვესტორებზე გასაყიდად. უეფამ ფიფას ტურნირებს ბოიკოტი გამოუცხადა, რის გამოც საბოლოოდ ამ იდეაზე უარი ითქვა.