28-კილომეტრიანი მონაკვეთი - კუჭუაშვილის მასშტაბური გადაცურვა
საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე გურამ კუჭუაშვილი წყალბურთიდან წასვლის მიუხედავად, სპორტის საწყლოსნო სახეობებში რჩება და ეგრეთწოდებულ ღია წყალზე ცურვაში არაერთი წარმატებული გადაცურვის პროექტი აქვს შესრულებული. რამდენიმე დღის წინ განხორციელებული გადაცურვით კი, მან არამხოლოდ ქართველი გულშემატკივრები გაახარა, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სპორტის ამ სახეობის მოყვარულებს აჩვენა, რომ საქართველოში უამრავი ნიჭიერი სპორტსმენია.
კუჭუაშვილი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ინდივიდუალურ გამოწვევას არ შეუშინდა, შვეიცარიაში, რაპერსვილიდან ციურიხამდე ტბის 28-კილომეტრიანი მონაკვეთი 10 საათსა და 19 წუთში გადაცურა და მთელი ამ ხნის განმავლობაში წყლიდან არ ამოსულა. არსებული ინფორმაციით, საქართველოს საზღვრებს გარეთ ქართველი მოცურავის ასეთი მასშტაბური გაცურვა პირველად განხორციელდა და ყველაფერი ეს კუჭუაშვილმა საკუთარი ხარჯებით გააკეთა.
ცნობისათვის, როგორც ქართველმა წყალბურთელმა განაცხადა, მას ადგილზე სასტუმროსთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეექმნა, რის გამოც გაცურვის წინა ღამეს მხოლოდ 3 საათი ეძინა, თუმცა დასახულ მიზანს მაინც მიაღწია. ახლა, როგორც თავად გუგა კუჭუაშვილი აცხადებს, მისი მთავარი მიზანი მსოფლიოს შვიდი სრუტის გადაცურვაა.