ახალ მწვრთნელს ძალიან მოსწონს | კრემონეზეში ლორთქიფანიძე იტალიის თასზე ათამაშეს
იტალიის თასის 1/32-ფინალში „კრემონეზემ“ „სამპდორია“ 2:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. კრემონელთა სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა ქართველმა ნახევარმცველმა დაჩი ლორთქიფანიძემაც მიიღო. 21 წლის ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა და მოედანზე 82-ე წუთზე შევიდა. გამოყოფილ მცირე დროში მან 6-დან 5 ზუსტი გადაცემა შეასრულა — მეტოქის ნახევარზე 3-დან 2, ხოლო საკუთარზე სამიდან სამივე ზუსტი იყო.
გასულ სეზონში „კრემონეზე“ სერია A-დან გავარდა და ახალ მარათონში ელიტაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრს კრემონულ კლუბში დაბრუნებისას მთავარ მწვრთნელად გამოცდილი მარკო ჯამპაოლო დახვდა, ხოლო სპორტულ დირექტორად — კრისტიან ბოტური. კრისტალსპორტის ინფორმაციით, მთავარ მწვრთნელსა და სპორტულ დირექტორს დაჩი ძალიან მოსწონთ. მოსამზადებელ ეტაპზე, ამხანაგურ შეხვედრებში მუდმივად ენდობოდნენ, „სამპდორიასთან“ მიღებული სათამაშო დროც სწორედ ამის დასტურია. მოლოდინი პოზიტიურია და სავარაუდოა, რომ მიმდინარე სეზონში ქართველი ნახევარმცველი მეტ სათამაშო დროს მიიღებს.
შეგახსენებთ, გასულ სეზონში ლორთქიფანიძეს სერია A-ში დებიუტი ჰქონდა, ჩემპიონატის მეორე ნახევარი კი სერია B-ს „კარარეზეში“ გაატარა, სადაც სათამაშო პრაქტიკა აკლდა და ძირითადად ცვლილებაზე მცირე დროით ეძლეოდა შანსი. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ ზამთარს დაჩიმ სააგენტო შეიცვალა — მის მომავალზე ამჟამად LP SPORT MANAGEMENT S.R.L. მუშაობს, რომლის წარმომადგენელი ლევან მჭედლიძეა.