თურქეთში ჟურნალისტი მუსიალაზე სატრანსფერო სიახლის დაწერისთვის დააკავეს
თურქი ჟურნალისტი ბურჰან ჯან თერზი პოლიციამ მოულოდნელად დააკავა მას შემდეგ, რაც მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ „გალათასარაი“ მიუნხენის „ბაიერნის“ ვარსკვლავის, ჯამალ მუსიალას დამატებასთან ახლოს იყო.
Haberler-ის ცნობით, თერზი ბაქირქოის მთავარი პროკურატურის ორდერით დააკავეს, შემდეგი ბრალდებით: „შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება“. თურქეთში მსგავსი ბრალდებით სპორტული ჟურნალისტის დაკავების ეს პირველი გახმაურებული შემთხვევაა.
Gazzetta-მ დასძინა, რომ რეპორტიორი სულ რაღაც რამდენიმე საათში, მისთვის ყოველგვარი შეზღუდვის დაკისრების გარეშე გაათავისუფლეს.
26 ივლისს თერზიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „გალათასარაი“ 23 წლის მუსიალასთან „მეტწილად შეთანხმდა“, თუმცა კლუბმა ამის უარყოფის მიზნით მკაცრი განცხადება გამოაქვეყნა.
„გალათასარაის“ განცხადებაში ვკითხულობთ:
„ბოლო დროს ჩვენი კლუბის შესახებ მიზანმიმართულად ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. მტკიცება, თითქოს პროფესიონალი ფეხბურთელი ჯამალ მუსიალა „გალათასარაიში“ გადმოდის, მცდარია. ამ აშკარად არარეალური მტკიცებების დღის წესრიგში შენარჩუნება არის მცდელობა, შეიქმნას საზოგადოების შეცდომაში შემყვანი აღქმა და მოხდეს ჩვენი კლუბის სატრანსფერო ძალისხმევის დისკრედიტაცია.
აღსანიშნავია, რომ ის ადამიანები და მედიასაშუალებები, რომლებიც ამ სპეკულაციების უკან დგანან, მსგავსი არარეალური მტკიცებებით საზოგადოების წინაშე გასულ სეზონშიც წარდგნენ. „გალათასარაი“ სატრანსფერო საქმიანობას ჩვენი კლუბის ინტერესების შესაბამისად, დიდი სკრუპულოზურობითა და კონფიდენციალურობით ახორციელებს. არარეალური სიახლეები და სპეკულაციური მტკიცებები ჩვენი კლუბის მუშაობის პრინციპებსა და მიზნებს ვერ შეცვლის.
უმორჩილესად ვთხოვთ საზოგადოებასა და „გალათასარაის“ დიდ გულშემატკივრებს, დაეყრდნონ მხოლოდ კლუბის ოფიციალურ განცხადებებს და ყურადღება არ მიაქციონ სიახლეებსა და სპეკულაციებს, რომლებიც სიმართლეს არ ასახავს, აგრეთვე იმ ადამიანებსა და მედიას, რომლებიც მათ ჯიუტად ავრცელებენ“.
- ვკითხულობთ „გალათასარაის“ განცხადებაში.