„საშინელი შეცდომა იქნება“ - ტრამპი ინფანტინოს შესაძლო წასვლაზე
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიფას პრეზიდენტის პოსტიდან ჯანი ინფანტინოს შესაძლო წასვლის წინააღმდეგ გამოვიდა.
„ფიფა საშინელ შეცდომას დაუშვებს, თუ რაიმე მიზეზით პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს შეცვლის შესაძლებლობასაც კი განიხილავს.
ის დაუჯერებელია, რადგან მან ახლახან უხელმძღვანელა ისტორიაში ყველაზე წარმატებულ საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატს, რომელმაც 4-ჯერ გადააჭარბა ყველა წინა ტურნირს.
თუ ის წავა, ჩემპიონატები აღარასოდეს იქნება ასეთი წარმატებული და მომგებიანი!“
- დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში Truth Social.
მანამდე უეფამ, კონკაკაფმა და აფკ-მ ფიფას პოლიტიკა გააკრიტიკეს და FIFA Forward Enterprise-ის საქმიანობის დამოუკიდებელი შემოწმებისკენ მოუწოდეს: „სიტუაციის შეფასებაში ჩავარდნაა. მიმოხილვა დამოუკიდებელმა მხარემ უნდა ჩაატაროს. უნდა იყოს ერთიანობა და არა მბრძანებლობისკენ სწრაფვა“.
ინფანტინოს ინიციატივით, ფიფა გეგმავდა შეექმნა FIFA Forward Enterprise (FFE) – ახალი კომერციული სტრუქტურა მსოფლიო ჩემპიონატის უფლებების კერძო ინვესტორებზე გასაყიდად. შემდგომში, მასშტაბური კრიტიკის ფონზე, ორგანიზაციის პრეზიდენტმა ამ იდეაზე უარის თქმა გადაწყვიტა.