FIFA-ს სკანდალური ინიციატივა და უდიდესი კრიტიკა | მუნდიალების წილები იყიდება?
FIFA-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლითაც საფეხბურთო სამყაროში უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია. ჯანი ინფანტინოს ინიციატივაა, შეიქმნას ახალი, შვილობილი კომპანია FIFA Forward Enterprise, რომელიც გააერთიანებს FIFA-ს კომერციულ საქმიანობასა და ღონისძიებების (საუბარია კაცთა, ქალთა და ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატებზე) საორგანიზაციო საკითხებს.
რას წარმოადგენს ახალი კომპანია
FIFA არაკომერციული ორგანიზაციაა, რის გამოც აქციები და წილები არ გააჩნია და არც მფლობელი ჰყავს. სწორედ ამიტომ იქმნება ახალი კომპანია, რომელსაც კომერციული აქტივობები შეზღუდული არ ექნება. FIFA Forward Enterprise გააკონტროლებს მუნდიალების სატელევიზიო უფლებებს, სასპონსორო საკითხებს, ბილეთების გაყიდვასა და ლიცენზიების გაცემას, რასაც დაემატება ტურნირების ორგანიზებასთან დაკავშირებული საოპერაციო დეტალები. შექმნის შემთხვევაში, FIFA Forward Enterprise წლის ბოლომდე 4.2 მილიარდამდე აშშ დოლარს მოიზიდავს, რაც კომპანიის 20 მილიარდად შეფასებული აქციების ნაწილის კერძო ინვესტორებზე გაყიდვით მოხდება (ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუნდიალებთან დაკავშირებული ბიზნესის მეხუთედი იყიდება). FIFA დიდი ყურადღებით შეარჩევს გრძელვადიან ინვესტორებს, რომლებიც კომპანიის აქციების არასაკონტროლო პაკეტს შეიძენენ.
აღნიშნულ 4.2 მილიარდს, FIFA Forward Enterprise-ის პროგრამების მიხედვით, FIFA-ს წევრი ფედერაციები მიიღებენ: 20 მილიონი აშშ დოლარი თითოეულ წევრს, როგორც განსაკუთრებული და დაუყოვნებლივი დაფინანსება სპეციალური პროექტებისთვის; 20 მილიონი აშშ დოლარი თითოეულ წევრს 2027-2030 წლებისთვის (ამჟამად 8 მილიონი აშშ დოლარით არის განსაზღვრული); 22 მილიონი აშშ დოლარი თითოეულ წევრზე დაფინანსების სახით 2031-2034 წლებისთვის; და 24 მილიონი აშშ დოლარი თითოეულ წევრზე დაფინანსების სახით 2035-2038 წლებისთვის.
რა სარგებელს მიიღებს ჯანი ინფანტინო
The Times-ის ინფორმაციით, ინფანტინო ამ ახალი შეთანხმებიდან კოლოსალურ სარგებელს მიიღებს, რადგან ბოლო საპრეზიდენტო ვადის შემდეგ მისი ახალი კომპანიის კომისრად (აღმასრულებელ დირექტორად) დანიშვნა იგეგმება. სავარაუდოდ, მას პრეზიდენტად 2031 წლამდე ხელახლა აირჩევენ, რის შემდეგაც უკვე შესაძლებელია სხვადასხვა ვარიანტი — მათ შორის, ახალი სამუშაო. The Times-ის მიხედვით, ამ იდეის ავტორებმა კონსულტაცია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ პირებთან გაიარეს. მოსალოდნელია, რომ აქციების შეძენის მსურველ საინვესტიციო ჯგუფს სათავეში ჩაუდგება კომპანია Thrive Capital. ის ჯოშუა კუშნერმა დააფუძნა — ჯარედ კუშნერის, დონალდ ტრამპის სიძის, უმცროსმა ძმამ.
UEFA-ს ოფიციალური განცხადება
მომხდარზე UEFA-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაწერა: „ეს გადადის ზღვარს, რომელიც ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა არასდროს არ უნდა გადაკვეთონ. UEFA ამას უკიდურესი სერიოზულობით ეკიდება. ზუსტად ასე უნდა მოიქცეს ყველა ეროვნული საფეხბურთო ფედერაციაც. ასეთივე დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ყველა დაინტერესებულ მხარეს: ლიგებს, კლუბებს, მოთამაშეებს, გულშემატკივრებს, მთავრობებს და თითოეულ ადამიანს, ვისთვისაც სულერთი არ არის ფეხბურთის მომავალი.
ფეხბურთის სული და მართვის სისტემა არ არის ისეთი აქტივი, რომლითაც ვაჭრობა შეიძლება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სრული გაუმჭვირვალობაა იმ მხრივ, თუ ვინ მიიღებს ფინანსურ სარგებელს. არცერთი ჩვენგანი არ არის ფეხბურთის მფლობელი. და FIFA-ს არ აქვს უფლება, ის გაყიდოს“.
ევროპული ფედერაციების უკმაყოფილება და რადიკალური ქმედებების მოლოდინი
ევროპამ შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადოს, თუ FIFA ტურნირის უფლებების ნაწილს გაყიდის. ევროპული ასოციაციები უკმაყოფილონი არიან FIFA-ს გეგმებით — მსოფლიო ჩემპიონატის უფლებების ნაწილი გარე ინვესტორებს მიჰყიდოს. Sky News-ის ინფორმაციით, ფედერაციები ამ კვირაში რიგგარეშე შეხვედრის ჩატარებას გეგმავენ. ისინი განიხილავენ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბოიკოტის გამოცხადების შესაძლებლობას, თუ ჯანი ინფანტინო თავისი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანის მცდელობას გააგრძელებს. ანუ შესაძლებელია, მუნდიალი მივიღოთ რამდენიმე ევროპული გრანდი ნაკრების გარეშე...
ჯანი ინფანტინოს წერილ-ულტიმატუმი
The Times-ის ინფორმაციით, ინფანტინო FIFA-ს 211-ვე წევრ ასოციაციას თითოეულისთვის 40 მილიონი დოლარის გადახდას დაჰპირდა, თუ ისინი მის გეგმას დაეთანხმებიან. ამასთან, შეთავაზების მისაღებად მათ ვადა 19 სექტემბრამდე აქვთ. ინფანტინომ ასოციაციებს წერილი გაუგზავნა და მიზნის მისაღწევად მას ხმების 50 პროცენტზე მეტი სჭირდება.
„გადაწყვეტილება იმის შესახებ, მიიღებთ თუ არა ამ შეთავაზებას, სრულად თქვენზეა დამოკიდებული. თუ მის მიღებას ისურვებთ, 10-მილიარდიანი პაკეტი ხელმისაწვდომი 2027 წლის 1 იანვრიდან გახდება, რაც ჩვენი ერთობლივი გზის შემდეგი ეტაპის დასაწყისს აღნიშნავს. თუ სტატუს-კვოს შენარჩუნებას და ამ შეთავაზების უარყოფას გადაწყვეტთ, ჩვენ კვლავ მზად ვართ გავაფართოოთ პროგრამა 2.7 მილიარდი დოლარით, როგორც ეს მანამდე იყო გამოცხადებული“, — ნათქვამია წერილში Sky News-ის მიხედვით. წყაროებმა, რომლებიც გარე ინვესტორებთან გარიგებას ეწინააღმდეგებიან, ინფანტინოს შეთავაზებას დაფინანსების გაზრდის შესახებ „სუფთა წყლის მოსყიდვა“ უწოდეს.