„მისი ცრუ შარავანდედი დაიმსხვრა“ | პირს მორგანმა მესი გააკრიტიკა
ცნობილმა ბრიტანელმა ტელეწამყვანმა, პირს მორგანმა ლიონელ მესი გააკრიტიკა. მორგანი „ლა პულგასა“ და მარკ კუკურელიას ეპიზოდს გამოეხმაურა, რომლის დროსაც არგენტინელმა ფეხბურთელმა მოითხოვა, კუკურელია გაეძევებინათ, რადგან მან თითქოს ლაპარაკის დროს პირზე ხელი აიფარა.
„ერთ-ერთი ყველაზე საცოდავი რამ, რაც კი ოდესმე ეგრეთ წოდებული სპორტსმენისგან მინახავს. ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მესის ცრუ შარავანდედი დაიმსხვრა. ის საზიზღარი და მოძალადე ხულიგნების ჯგუფის ეშმაკი ლიდერი იყო“, — დაწერა ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში.
მორგანმა მესიზე Piers Morgan Uncensored-შიც ისაუბრა: „ესპანეთთან შეხვედრაში იყო მომენტი, როდესაც მესიმ სცადა, კუკურელია გაეძევებინათ. მან ხელი პირთან მიიტანა, მესი კი მაშინვე ჩამშვებივით მოიქცა და სცადა, მისთვის წითელი ბარათი მიეცათ. ჩემი აზრით, ეს ამაზრზენი ქმედება იყო და ამით წმინდა ლიონელის მითი დაიმსხვრა.
პირველ რიგში, ეს ვითომდა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ფინალში საერთოდ არ ჩანდა. მეგონა, რომ მოედანზე საერთოდ არ იყო. მეორეც, კარგი ადამიანი საერთოდ არ ყოფილა. მან ყველაზე უსირცხვილო და საზიზღარი გზით სცადა, კუკურელია გაეძევებინათ“.
როგორც მოგეხსენებათ, მორგანი კრიშტიანუ რონალდუს ერთ-ერთი უდიდესი გულშემატკივარია და როდესაც შანსი ეძლევა, მესის ყოველთვის აკრიტიკებს.