უეინ რუნი
Aa
Aa

„ძალიან ცუდი იყო“ - რუნიმ FIFA-ს ფინალური შოუ გააკრიტიკა

ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა უეინ რუნიმ მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში პირველი ფინალური მატჩის შესვენებაზე გამართული მუსიკალური შოუ მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი ყველაზე საყვარელი მომენტი ის იყო, როდესაც წარმოდგენა დასრულდა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, რომელიც ნიუ-ჯერსის „მეტლაიფ სტედიუმზე“ ესპანეთსა და არგენტინას შორის გაიმართა, FIFA-მ პირველად დანერგა ამერიკული Super Bowl-ის სტილის შუალედური შოუ.

კრის მარტინის (Coldplay) ხელმძღვანელობით გამართულ სანახაობაში მონაწილეობდნენ მადონა, შაკირა, ჯასტინ ბიბერი, BTS, Burna Boy, ასევე „მაპეტების“ და „Sesame Street“-ის პერსონაჟები.

BBC-ის პირდაპირ ეთერში, სადაც რუნი მიკა რიჩარდსთან და ჯო ჰარტთან ერთად ექსპერტის როლში მუშაობდა, წამყვანმა გაბი ლოგანმა ჰკითხა, რომელი ნაწილი მოეწონა ყველაზე მეტად.

რუნის პასუხი საკმაოდ პირდაპირი იყო:

„სიმართლე გითხრათ, ჩემი საყვარელი მომენტი ის იყო, როცა დასრულდა.

ამ არტისტების უმეტესობა მომწონს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს შოუ ძალიან ცუდი იყო. საერთოდ ვერ გამიტაცა. უბრალოდ მინდოდა, ფეხბურთი რაც შეიძლება მალე დაბრუნებულიყო. მომწონს Burna Boy, მომწონს ბიბერი, მომწონს შაკირა, მაგრამ მთლიანობაში ყველაფერი ძალიან უსიცოცხლო იყო,“

ინგლისელის კომენტარს მიკა რიჩარდსი ხუმრობით გამოეხმაურა და რუნის „ბუზღუნა“ უწოდა, რადგან, მისი აზრით, მან გასართობი ნაწილი სათანადოდ ვერ დააფასა.

მსგავსი შეფასება გააკეთა ITV-ის ექსპერტმა როი კინმაც.

„ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი, თუმცა ვფიქრობ, სტადიონზე მყოფმა მაყურებელმა ეს სანახაობა ჩვენზე მეტად ისიამოვნა,“ — აღნიშნა კინმა.

ფინალის დროს, გახანგრძლივებულმა შესვენებამ მატჩის დაწყებამდეც და დასრულების შემდეგაც არაერთი დისკუსია გამოიწვია. კრიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი შოუები ფეხბურთის მთავარი მოვლენისგან ყურადღებას ფანტავს, ხოლო რუნის კომენტარმაც სწორედ ამ პოზიციის მხარდამჭერთა განწყობა ასახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები