საფრანგეთის სუპერ შეტევა გათიშეს | ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთი ესპანეთს დაუპირისპირდა და პირველი ფინალისტის ვინაობაც ცნობილი გახდა. შეხვედრა ტეხასში გაიმართა, „ფურია როხამ“ „ლე ბლეს“ მრისხანე შეტევა სრულიად გათიშა და დამსახურებულად გაიმარჯვა — 2:0.
მატჩის საწყის წუთებში სათამაშო უპირატესობას ესპანეთი ფლობდა და ანგარიში სწორედ ლუის დე ლა ფუენტეს ბიჭებმა გახსნეს. ლუკა დინიმ შეცდომა დაუშვა, ლამინ იამალის წინააღმდეგ იუხეშა და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც მიკელ ოიარსაბალმა გამოიყენა — 1:0.
30-ე წუთზე დიდიე დეშამს კიდევ ერთი პრობლემა გამოუჩნდა. საფრანგეთის ნაკრების დაცვის ხაზის ლიდერმა, ვილიამ სალიბამ ტრავმა მიიღო და მისი შეცვლა გახდა საჭირო. სალიბას ნაცვლად მოედანზე მაქსენს ლაკრუა შევიდა. 38-ე წუთზე „ფურია როხას“ საოცარი გოლი გაჰქონდა, მაგრამ ფაბიან რუისმა არაზუსტად დაარტყა.
საწყის 45 წუთში „ლე ბლეს“ შეტევა მთლიანად გათიშული იყო. „სამფეროვნებს“ კარში ზუსტად არც ერთხელ დაურტყამთ და კარისკენ სულ რაღაც ორი დარტყმა ჰქონდათ. 58-ე წუთზე საფრანგეთის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ესპანელებმა შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს და პედრო პორომ „ფურია როხას“ უპირატესობა ორბურთიანი გახადა. 62-ე წუთზე მაიკ მენიოს კარის ბადეში ბურთი მესამედ გაეხვია და ლამინ იამალმა შეაგდო, მაგრამ გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.
საფრანგეთმა პირველად კარში 82-ე წუთზე დაარტყა. უნაი სიმონი არც თუ ისე კარგად გამოვიდა და დეზირე დუეს მომენტი შეექმნა, თუმცა ესპანელმა მეკარემ ბურთის მოგერიება მაინც მოახერხა.
მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე და მეშვიდე წუთებზე ფრანგებმა ზუსტად დაარტყეს, მაგრამ სიმონს ვერ აჯობეს და ანგარიში არ შეცვლილა.
ცნობისთვის, ფინალურ შეხვედრაში ესპანეთი არგენტინისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალი 15 ივლისს, თბილისის დროით, 23:00-დან დაიწყება.