ზლატკო დალიჩი
Aa
Aa

დიდი ეპოქა დასრულდა - დალიჩმა მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

ზლატკო დალიჩი ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს.

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალიასთან 1:2 მარცხისა და ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ დალიჩმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ნაკრებს, რომელსაც 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა, დაემშვიდობოს.

ეს იყო პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც დალიჩის ხელმძღვანელობით ხორვატიამ მედლის გარეშე დაასრულა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის, ხოლო 2022 წელს ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, ამიტომ პორტუგალიასთან მარცხმა ხორვატიის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ეპოქა დაასრულა.

ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ დალიჩის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.

„მოკრძალებული დასაწყისი. დაუვიწყარი გზა. ღირსეული დამშვიდობება. თითქმის ცხრა წლის შემდეგ ზლატკო დალიჩმა ხორვატიის ნაკრების სათავეში თავისი არაჩვეულებრივად წარმატებული ეპოქის დასრულება გადაწყვიტა.

მადლობა ყველაფრისთვის — გამარჯვებებისთვის, წარმატებებისთვის, მედლებისთვის, ერთიანობისთვის, პატივისცემისა და ხორვატიისთვის ბრძოლისათვის როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. თქვენი შედეგები თქვენს პროფესიონალიზმზე მეტყველებს, ხოლო ფეხბურთელების, კოლეგებისა და მეტოქეების პატივისცემა — თქვენს ადამიანურ ღირსებებზე,“ — წერია ფედერაციის განცხადებაში.

 

თავად დალიჩიც ემოციური წერილით დაემშვიდობა გულშემატკივრებს:

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი ქვეყნის ნაკრების გაწვრთნა უდიდესი პატივი იყო. როცა ეს საქმე დავიწყე, მჯეროდა ფეხბურთელებისა და საკუთარი თავის, თუმცა ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ თითქმის ცხრა წელიწადში ამდენს მივაღწევდით.

ყველაზე მეტად ვამაყობ არა მხოლოდ გამარჯვებებითა და მედლებით, არამედ იმ ერთიანობით, რომელიც გუნდსა და მთელ ხორვატ ხალხს შორის შეიქმნა.

მადლობა ჩემს სამწვრთნელო შტაბს, ექიმებს, ფიზიოთერაპევტებს, ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს, ხელმძღვანელობას, გულშემატკივრებს, მედიასა და ჩემს ოჯახს.

ყველაზე დიდი მადლობა კი ფეხბურთელებს — ლუკა მოდრიჩიდან დაწყებული ყველა იმ მოთამაშით დასრულებული, ვინც ამ წლების განმავლობაში ნაკრების ნაწილი იყო. მათ ხორვატია ყველაფერზე მაღლა დააყენეს.

ბოლო დღეებში მიღებულმა მხარდაჭერამ მაიძულა, გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გადამეხედა, მაგრამ ვგრძნობ, რომ წასვლის სწორი დრო სწორედ ახლაა. გუნდს, ჩემს მემკვიდრესა და ხორვატიულ ფეხბურთს მომავალში მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ.“

შეგახსენებთ, რომ დალიჩი ხორვატიის ნაკრებს 2017 წელს ჩაუდგა სათავეში, როდესაც გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. მან გუნდი ჯერ 2018 წლის მუნდიალზე გაიყვანა, სადაც ისტორიული ვერცხლის მედალი მოიპოვა, შემდეგ კი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი და 2023 წლის უეფა-ს ერთა ლიგაზე მეორე ადგილი მოიპოვა.

ამ შედეგებით ზლატკო დალიჩი ხორვატიის ეროვნული ნაკრების ისტორიაში ყველაზე წარმატებული მთავარი მწვრთნელი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები