კრიშტიანუ რონალდუ, ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრები, პორტუგალიის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„იმედი მაქვს კიდევ 40 წელს ვიცოცხლებ“ - რონალდუს ემოციური საუბარი პრესასთან

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთთან მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა და ბევრ საკითხს შეეხო. 41 წლის ლეგენდამ ჟურნალისტებთანაც იკამათა. ასევე განაცხადა, რომ მიაღწია ყველაფერს, რაზეც ოცნებობდა და ეს მისი ბოლო სანაკრებო ტურნირია.

„მე არაფერი მაკლია. ღმერთი ჩემ მიმართ ძალიან გულუხვი იყო და მომცა ყველაფერი, ისიც კი, რის მიღწევასაც არ ველოდი. განსაკუთრებით ნაკრებში და ინდივიდუალურ დონეზეც. მთავარია, თითოეული მომენტით ვისიამოვნო. მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით უფრო დიდი კრიშტიანუ არ გავხდები, მაგრამ არც მისი წაგებით ვიქნები ნაკლები.

რა თქმა უნდა, ჩვენი გვჯერა, მაგრამ ამავდროულად ვიცით, რომ გამარჯვებული მხოლოდ ერთი იქნება. მთავარია სიამოვნების მიღება და არა ხვალინდელ დღეზე ფიქრი. მე ეს ვისწავლე. ასაკთან ერთად მოდის სიმწიფე, გამოცდილება, მოვლენების პერსპექტივაში დანახვის უნარი და ბევრი რამის მიმართ უფრო რბილი დამოკიდებულება.

ცხადია, ბრმა არ ვარ. მუდმივად ვაწყდებოდი თავდასხმებს. მაგრამ ამაში ახალი არაფერია. ხშირად მადლიერებას ვგრძნობ, ეს ჩემს ცხოვრებაში ახალ თავს ხსნის. ეს 40 წლის შემდეგ გავაცნობიერე. ვიმედოვნებ, რომ კიდევ 40 წელს ვიცხოვრებ და მზად ვიქნები. როცა ყველაზე მეტად გვაკრიტიკებენ, მაშინ უფრო ვიზრდებით. და მე თქვენი მადლიერი ვარ, რადგან უფრო და უფრო ვიზრდები.

ბედნიერი ვარ და ყოველდღიური ცხოვრებით სიამოვნებას ვიღებ. ხვალ გრანდიოზული მატჩი გველის შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ეს ტურნირი უკვე მოგებული აქვს. მთავარია, ცხოვრებით ყოველდღე ვისიამოვნოთ“.

– უპირველეს ყოვლისა, მადლობა ყველაფრისთვის, რაც ფეხბურთისთვის გააკეთეთ. ჩვენ ყველა ვტკბებოდით თქვენი და მესის დაპირისპირებით. როგორ განიცდით ამ მატჩის მოლოდინს, რომელიც თქვენთვის გამორჩეული იქნება? რას ეტყოდით გულშემატკივრებს, რომლებიც ახლა აქ არიან?

„ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი (იცინის)... საინტერესო კითხვაა, მომეწონა. საბოლოო ჯამში, რჩებიან ადამიანები. ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვართ, ადამიანები, რომლებსაც შეგვიძლია განსაკუთრებული მომენტები ვაჩუქოთ. და მე ვხედავ ხალხს, რომლებიც ჩვენ გვერდით მუშაობენ. ეს საოცარი მოგონებებია.

ფრენის დროს ეგრევე მივხვდი, რომ ერთ-ერთი ბორტგამცილებელი არგენტინელი იყო. უბრალოდ იმით, თუ როგორ შემომხედა. ვუთხარი: „ვიცი, რომ არგენტინელი ხარ. შემომხედე და მზერა მაშინვე ამარიდე. თქვენ მე არ გიყვარვართ...“ თუმცა, ჩემი ცოლი არგენტინელია. ასე რომ, ყველაფერი რიგზეა.

უბრალოდ თითოეული მომენტით უნდა ვისიამოვნოთ. დიახ, ეს ჩემი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იქნება. ამით უნდა დავტკბე“.

კრიშტიანუმ თავისი მომავლის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა, რომელმაც ცოტათი გააღიზიანა:

„ნაკრებს ყოველთვის ბოლომდე ვუძღვნი თავს და მზად ვარ დავეხმარო. მიუხედავად იმისა, ვთამაშობ თუ არა, გუნდში ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი მექნება.

კარიერას მაშინ დავასრულებ, როცა თავად მომინდება და არა მაშინ, როცა ეს თქვენ გინდათ. ამ კითხვის მუდმივად დასმა დროის ფუჭი კარგვაა. არ მინდა, რომ მთელი ყურადღება ამ თემაზე იყოს გადატანილი. ყველაზე მთავარი ხვალინდელი მატჩია“,

– განაცხადა რონალდუმ.

6 ივლისს პორტუგალია 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი ჩვენი დროით 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები