სომალელ მსაჯს, რომელიც აშშ-ში არ შეუშვეს, სამშობლოში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
აფრიკის თასის საუკეთესო მსაჯი, ომარ არტანი, რომელსაც 2026 წლის მუნდიალზე უნდა ემუშავა და აშშ-ში არ შეუშვეს, სამშობლოში გმირივით მიიღეს.
34 წლის სომალელ არბიტრს მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური პასპორტი ჰქონდა.
მსაჯმა განაცხადა: „ვიზაც მქონდა და ყველა საჭირო საბუთიც. ვფიქრობ, მათ ჩემს ქვეყანასთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები“.
ფიფა-ში კი აღნიშნეს: „არბიტრი მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი მოვალეობების შესრულებას ვეღარ შეძლებს. ჩვენ მასპინძელი ქვეყნების საიმიგრაციო პროცესებში არ ვერევით“.
მოგვიანებით თეთრი სახლის სამუშაო ჯგუფისა და მუნდიალი 2026-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ენდრიუ ჯულიანიმ უარის მიზეზი გააჟღერა: „არტანი კავშირშია ტერორისტული ორგანიზაციების სავარაუდო წევრებთან“.
სომალიში დაბრუნებულ არტანს პირდაპირ თვითმფრინავის ტრაპთან, დიდი ჯგუფი — პოლიტიკოსები და გულშემატკივრები დახვდნენ.
Somali referee Omar Abdulkadir Artan received a warm welcome at Aden Adde International Airport this morning and is set to receive a hero’s welcome at Mogadishu Stadium this afternoon, where thousands of Somali sports enthusiasts are expected to gather following the U.S.… pic.twitter.com/GgjgJWEqxw
— The Daily Somalia (@TheDailySomalia) June 10, 2026
საზეიმო დახვედრა სტადიონზე გაგრძელდა, სადაც არბიტრთან შესახვედრად უამრავი ადამიანი შეიკრიბა.
„მე დავესწრები მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატს. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნისთვის და დავიცვათ იგი. არასდროს უნდა გავიცრუოთ იმედი. მიყვარს ჩემი ქვეყანა და ახალგაზრდებს მოვუწოდებ, განაგრძონ თავიანთი მიზნებისკენ სწრაფვა“, — განუცხადა მან ადგილობრივ მედიას.