ჩემპიონობის შანსი შემცირდა | გადრანის ბეითარმა მთავარ კონკურენტს ვერ მოუგო
ისრაელის საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლოსწინა, 33-ე ტურში ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდების, ბეითარისა და ბეერ შევას დაპირისპირება 1:1 დასრულდა, 77-ე წუთზე შუამ ბეითარი დააწინაურა, 81-ე წუთზე კანგვამ ანგარიში გაათანაბრა. 33 ტურის შემდეგ ბეერ შევა 73 ქულით პირველზეა, ბეითარი 71 ქულით მეორე ადგილზეა. გამარჯვების შემთხვევაში ბეითარი პირველ ადგილზე გადავიდოდა. ბოლო ტურში, 16 მაისს ბეითარი თელ-ავივის მაქაბის ესტუმრება, თუმცა მხოლოდ თავის თავზე არაა დამოკიდებული, ბეერ შევამ ქულები უნდა დაკარგოს.
ბეითარის სასტარტო შემადგენლობაში ლუკა გადრანმა 90 წუთი ითამაშა, საერთო ჯამში თავად კარგად წარმოაჩინა, საიმედო და დამაჯერებელი იყო, უშეცდომოდ მოქმედებდა, თუმცა გაშვებული გოლის ეპიზოდი გამონაკლისია, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ 81-ე წუთზე გადრანი შეცდა, ბურთის მოგერიება ვერ მოასწრო, კანგვამ აჯობა და ბეერ შევამ ანგარიში გაათანაბრა.
29 წლის ლუკა გადრანი ბეითარს სეზონის დასაწყისში შეუერთდა. უმაღლესი ლიგის 27 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა. მთავარი მწვრთნელის მხრიდან დიდი ნდობით სარგებლობს, 27 მატჩიდან 26 სასტარტოდან დაიწყო. სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ ერთ შეხვედრაში იჯდა, როცა ტრავმიდან ახალი დაბრუნებული იყო.
გასულ კვირაში, თელ-ავივის ჰაპოელთან მატჩის წინ ბეითარის მთავარმა მწვრთნელმა ბარაკ იცხაკიმ ლუკა გადრანზე ვრცლად ისაუბრა: „ძალიან, ძალიან პოზიტიური პიროვნებაა. ნამდვილი ლიდერია. მშვიდ ლიდერთაგან ერთ-ერთია, რომლებსაც ყვირილი და ბევრი ლაპარაკი არ სჭირდებათ, არამედ ლიდერობას თავისი ქმედებებით ავლენენ. ეს მოედანზეც ჩანს, როდესაც ასე მოქმედებს, მის გარშემო მყოფ მოთამაშეებს მოტივაციას მატებს. ჩვენი დაცვითი თამაში განსაკუთრებით მისი მოსვლის შემდეგ გაუმჯობესდა, თუმცა უნდა აღინიშნოს მთლიანი გუნდის დაცვითი თამაში და არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მოთამაშის. ეს ბევრი ფაქტორის ერთობლიობაა. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ მოვიდა და გაიარა ადაპტაცია. იმედი მაქვს, ის კვლავ ასე გააგრძელებს“.