“UFC” 223 - ხაბიბ ნურმაგომედოვს მაქს ჰოლოუეი დაუპირისპირდება, გამარჯვებულს მაკგრეგორი ელის
“UFC“ 223-ის ცენტრალური შეხვედრა ხაბიბი ნურმაგომედოვსა და ტონი ფერგიუსონს შორის უნდა გამართულიყო, თუმცა ამ უკანასკნელმა ტრამვა მიიღო და „ელ კუკუი“ მაქს ჰოლოუეიმ ჩაანაცვლა.
ამერიკელი სპორტსმენი დღესდღეობით “Featherweight” წონითი კატეგორიის ჩემპიონია და ნურმაგომედოვთან მატჩისთვის დივიზიონის შეცვლას დათანხმდა.

საინტერესოა, რომ ორივე ქამარს კონორ მაკგრეგორი ფლობდა და ამ მატჩის გამარჯვებული დიდი ალბათობით სწორედ ირლანდიელს დაუპირისპირდება.

მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივართა უმრავლესობას ოქტაგონზე კონორისა და ხაბიბის დაპირისპირების ხილვა სურდა, დანა უაითმა განაცხადა: „არ მგონია, რომ კონორმა 6 დღეში წონის დარეგულირება მოახერხოს. ის ნამდვილად არაა ისეთი მებრძოლი, რომლითაც შეგიძლია სხვა ჩაანაცვლო. მაკგრეგორის დონის ოსტატებისთვის სპეციალურად უნდა შეარჩიო ოპონენტი და სათანადო გარემო შექმნა. ვფიქრობ, რომ ამ მატჩის გამარჯვებულისა და მაკგრეგორის დაპირისპირება ნამდვილად საინტერესო სანახავი იქნება და დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული შეხვედრის ჩატარებას მოვახერხებთ“.
უაითმა ჰოლოუეიც შეაქო და აღნიშნა: „მაქსი საოცარი სპორტსმენია, მას 2013 წლის შემდეგ შეხვედრა არ წაუგია, რაც ნამდვილად არაა ადვილად მისაღწევი შედეგი. წარმატების შემთხვევაში იგი კონორის შემდეგ პირველი ერთადერთი შერეული ორთაბრძოლების ოსტატი გახდება, რომელსაც ორი დივიზიონის ტიტული ექნება მოპოვებული“.
ჰოლოუეის ზედიზედ 12 შეხვედრაა არ წაუგია, თუმცა ნურმაგომედოვი ჯერჯერობით არცერთ შეხვედრაში არ დამარცხებულა 25-0.

შეგახსენებთ, რომ “UFC” 223 7 აპრილს გაიმართება.