“სტაბილურობის შენარჩუნება უჭირთ“ - L'equipe პსჟ-ს ფორმის ვარდნის მიზეზებზე
„პარი სენ-ჟერმენი“ პარასკევს, „პარკ დე პრენსზე“, „მონაკოსთან“ 1:3 მარცხის შემდეგ სერიოზულ კითხვებს აჩენს, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ჩელსისთან“ გასამართი ორმატჩიანი დაპირისპირების წინ.
პარიზელებისთვის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი შეხვედრისთვის მზადება იდეალურად ნამდვილად არ წარიმართა. ლიგა 1-ის 25-ე ტურის გახსნით მატჩში ლუის ენრიკეს გუნდმა საკუთარ მოედანზე „მონაკოსთან“ 1:3 წააგო. ბოლო კვირებში გამოვლენილი პრობლემების გათვალისწინებით, ეს მარცხი გარკვეულწილად პროგნოზირებადიც იყო.
პსჟ-მ კიდევ ერთხელ გამოავლინა სერიოზული სისუსტე დაცვაში. „მეცთან“ (3:0) და „ლე ავრთან“ (1:0) მოგებული შეხვედრების გარდა, პარიზელებმა ბოლო ოთხ მატჩში 10 გოლი გაუშვეს — „მონაკოსთან“ სამ შეხვედრაში (3:2, 2:2, 1:3) და „რენთან“ მარცხში (1:3).
თუმცა L’equipe-ს შეფასებით, პრობლემების მხოლოდ დაცვის ხაზზე გადაბრალება ზედმეტად მარტივი ახსნა იქნებოდა. გამოცემის მიხედვით, გუნდს ამ ეტაპზე აკლია ფიზიკური რესურსი, რათა მაღალი ინტენსივობის თამაშს გაუძლოს.
როგორც ფრანგული გამოცემა წერს, ნახევარდაცვა „მონაკოსთან“ ფაქტობრივად გადაღლილი ჩანდა, ხოლო რამდენიმე მცველის ინდივიდუალური ფორმა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში სირთულეების შემდეგ, გუნდის კაპიტანი მარკინიოსი დასვენებას იღებს, თუმცა ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა ის „ჩელსისთან“ შეხვედრაში რეალურად განსხვავების შექმნას. მისი პარტნიორი დაცვის ცენტრში, ვილიან პაჩო, პსჟ-ში გადასვლის შემდეგ პირველად იმყოფება ფორმის დაქვეითების ფაზაში.
როგორც L’equipe აღნიშნავს, პაჩო ხშირად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა იმ კომპონენტშიც კი, რაც მის ძლიერ მხარედ მიიჩნევა — ორთაბრძოლებში. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ეპიზოდი მეორე გაშვებულ გოლზე, როდესაც ფოლარინ ბალოგუნმა კვლავ პრობლემები შეუქმნა. გამოცემა კითხულობს, რა მოხდება ოთხშაბათს, როდესაც პარიზელთა დაცვის წინააღმდეგ ჟოაო პედრო ითამაშებს. შესაძლოა ეს ფიზიკურ პრობლემებთანაც იყოს დაკავშირებული.
2025 წელს „პსჟ“-ის წარმატება დიდწილად ტექნიკურ უპირატესობასა და ძლიერ ნახევარდაცვაზე იყო დაფუძნებული, თუმცა ფაბიან რუისისა და ჟოაო ნევეშის ტრავმების შემდეგ პარიზულ გუნდს შუა ხაზში სტაბილურობის შენარჩუნება უჭირს.
წყარო აღნიშნავს, რომ გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის რამდენიმე მატჩში პსჟ შესაძლოა ზეწოლის ქვეშ იყო, თუმცა ბურთის კონტროლის წყალობით მაინც ახერხებდა თამაშის გაკონტროლებას. „მონაკოსთან“ კი ნახევარდაცვა მთლიანად დაიჩრდილა.
დრო ფერნანდესი ფიზიკურად ვერ ახერხებს მეტოქის ინტენსივობისთვის შესაბამისი პასუხის გაცემას, ხოლო უორენ ზაირ-ემერიმ სეზონის განმავლობაში უკვე თითქმის 3330 წუთი ითამაშა და აშკარად გადაღლილია. ვიტინიას კი აღარ ჰყოფნის ენერგია მოედნის მთელ სიგრძეზე მუშაობისთვის.
გამოცემის შეფასებით, ის აგრესიული კონტრპრესინგი, რომელიც პარიზელთა ნახევარდაცვას გასულ სეზონში ახასიათებდა, ახლა თითქმის აღარ ჩანს. ამ ფონზე ჩნდება კითხვა — შეძლებს თუ არა პსჟ გამოსავლის პოვნას.
როგორც L’equipe წერს, ამ ეტაპზე პარიზულ კლუბს სწრაფი გამოსავალი არ აქვს და მარტის დასაწყისშიც კი გუნდი კვლავ ეძებს საუკეთესო ბალანსს ნახევარდაცვაში.