კილიან მბაპე, ზინედინ ზიდანი, დიდიე დეშამი, საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„დეშამის მიღწევების გამეორება რთული იქნება“ - მბაპეს მამა ზიდანზე

საფრანგეთის ნაკრების კაპიტნის, კილიან მბაპეს მამამ, უილფრიდ მბაპემ განაცხადა, რომ ზინედინ ზიდანისთვის, თუ ის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნება, დიდიე დეშამის მიღწევების გამეორება რთული იქნება.

„არ ვიცი, არის თუ არა ზიდანი იდეალური კანდიდატი, მაგრამ, ვფიქრობ, ის ძალიან კარგი მწვრთნელია. თუმცა, დეშამის მიღწევების გამეორება ძალიან რთული იქნება. ახლა გულშემატკივრები დეშამს ბევრი რამის გამო აკრიტიკებენ, მაგრამ როდესაც ის წავა, იგივე გულშემატკივრები მის დადებით მხარეებზე დაიწყებენ საუბარს.

არ უნდა დავივიწყოთ, თუ რას მიაღწია დეშამმა და რა მემკვიდრეობას უტოვებს მომდევნო მწვრთნელს. თუმცა, თუ ეს ზიდანი იქნება, მე ძალიან გამიხარდება, იმიტომ რომ ზიდანი შესანიშნავი პიროვნებაა“.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დიდიე დეშამი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს. დეშამი „სამფეროვნებს“ 2012 წლიდან წვრთნის და 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა, თითოჯერ კი ევროპისა (2016) და მსოფლიოს ჩემპიონატების (2022) ფინალში დამარცხდა.

რაც შეეხება ზიდანს, ის 2021 წლის შემდეგ უგუნდოდაა. ზიდანი 2016–2018 და 2019–2021 წლებში მადრიდის „რეალს“ წვრთნიდა, მანამდე კი, 2014-2016 წლებში „სამეფო კლუბის“ მეორე გუნდში მუშაობდა. ფრანგმა სპეციალისტმა „ბლანკოსთან“ ერთად სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ კი - ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მალე დავბრუნდები“ - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
„მალე დავბრუნდები“ - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება