რაფინია დიასი, უსმან დემბელე, პედრი, ლამინ იამალი
Aa
Aa

რაფინია: იმედგაცრუებული ვარ, დიახ - ოქროს ბურთს ვიმსახურებდი

„ბარსელონას“ გარემარბი, რაფინია დიასი „ოქროს ბურთის“ შედეგებს გამოეხმაურა. ბრაზილიელმა ამ თემაზე საჯაროდ პირველად ისაუბრა.

რაფინიამ France Football-ის ვერსიით წლის საუკეთესო მოთამაშეების სიაში მე-5 ადგილი დაიკავა. „ოქროს ბურთი“ კი უსმან დემბელემ მოიგო.

ქომაგებისა და ექსპერტების უმრავლესობა თვლის, რომ რაფინიას მე-5 ადგილი და შემდეგ, FIFA-ს The Best-ის წლის გუნდში მისი არყოფნა დიდი უსამართლობა იყო.

- შენი სეზონი დაუჯერებელი იყო - ეს უდავოა. თუმცა „ოქროს ბურთის“ ხმის მიცემის შემდეგ საუკეთესო სამეულშიც კი ვერ მოხვდი. რას გრძნობდი ამის გამო?

„იმედგაცრუებული ვიყავი. მეტს ველოდი. მეგონა, მინიმუმ სამეულში მაინც მოვხვდებოდი. ვიცოდი, რომ გამარჯვება რთული იქნებოდა, რადგან ბევრი რამ ჩემპიონთა ლიგაში წარმატებაზეა დამოკიდებული. ამიტომ, ჩემი დაკავებული ადგილით უკმაყოფილო დავრჩი.

თუმცა მესმის, რომ ეს ბევრ ისეთ ფაქტორთანაა დაკავშირებული, რომლებსაც მე ვერ ვაკონტროლებ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩატარებული სეზონით ძალიან კმაყოფილი ვარ და ვერანაირი ინდივიდუალური ჯილდო ვერ გადახაზავს იმას, რასაც გასულ სეზონში მივაღწიე“.

- არჩევანის გაკეთება შენზე რომ ყოფილიყო, როგორი იქნებოდა შენი ვერსიით საუკეთესო სამეული „ოქროს ბურთზე“? საკუთარ თავს პირველ ადგილზე დააყენებდი, ხომ ასეა?

„პირადად მე, საკუთარ თავს პირველ ადგილზე დავაყენებდი. დიახ, ნამდვილად ასეა! ჩემი აზრით, ინდივიდუალური ჯილდო მხოლოდ ერთი ტურნირის საფუძველზე არ უნდა გაიცემოდეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სეზონის განმავლობაში მიღწეული შედეგებით, მოპოვებული ტიტულებით, ჩემი მაჩვენებლებითა და მოედანზე გაკეთებული ყველაფრით პირველ ადგილს ვიმსახურებდი. ვფიქრობ, მოგება მეკუთვნოდა.

რადგან ეს ჯილდო პრაქტიკულად ერთი ტურნირის მიხედვით გაიცემა, დემბელემ დაიმსახურა გამარჯვება, მით უმეტეს, რომ მანაც შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა. იამალს ასევე დიდებული სეზონი ჰქონდა. თუმცა, ჩემი ხედვით, პრიზის გადაცემის კრიტერიუმი თავად სეზონი რომ ყოფილიყო, ვფიქრობ, ჯილდოს მე ვიმსახურებდი“.

- გასაგებია. რაფინიასეულ სამეულში პირველი შენ იქნებოდი... ვინ იქნებოდა მეორე?

„ჩემს გუნდს დავუჭერ მხარს. ლამინსა და პედრის ავირჩევდი“.

- კეთილი, მესამე - პედრი? გამოდის, დემბელე მეოთხეა, ხომ?

„დიახ, მეოთხე, იყოს ასე. სამართლიანია“.

- განაცხადა რაფინიამ SofaScore-სთან ჩაწერილ ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები