ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მაქსიმუმ 20 დღეს გამოტოვებს“ - L'Equipe და სხვები კვარას ტრავმაზე

ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა, რომელიც მან „ნიუკასლთან“ შეხვედრაში მიიღო, ფრანგული და ქართული პრესის მთავარი თემაა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, ხვიჩამ კოჭ-წვივის სახსარი დაიზიანა, რის გამოც მოედანს დაახლოებით 14 დღით ჩამოშორდება. ქართველი გარემარბი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა.

ამის შესახებ ინფორმაციებს უკვე წამყვანი ევროპული გამოცემებიც ავრცელებენ.

აი რას წერს RMC Sport-ის ცნობილი ჟურნალისტი ფაბრის ჰოუკინსი:

„ხვიჩა კვარაცხელია სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. „ნიუკასლთან“ მატჩისას მიღებული კოჭის დაზიანების გამოკვლევამ აჩვენა, რომ მოტეხილობა არ არის. მისი არყოფნის ზუსტი პერიოდი ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა მოსალოდნელი არ არის, რომ რეაბილიტაციამ 20 დღეზე მეტხანს გასტანოს“.

ყველაზე ავტორიტეტული L'Equipe-ი წერს, რომ ხვიჩა დაახლოებით 14 დღეს ვერ ითამაშებს.

2 კვირიდან 20 დღემდე ვადებს ასახელებს გავლენიანი ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი:

„ყველაზე ცუდს ვარაუდობდნენ, თუმცა ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, პსჟ-ს მაისურით ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფისთვის დაბრუნდეს. ჩვენი ინფორმაციით, რომელიც ქართული მედიის ცნობებსაც ემთხვევა, პარიზელთა მე-7 ნომერი, ორიდან სამ კვირამდე იუქმებს.

შესაბამისად, პსჟ-ს მის გარეშე თამაში მინიმუმ თებერვლის შუა რიცხვებამდე, შესაძლოა თვის ბოლომდეც მოუწიოს. ამ პერიოდში პარიზული კლუბი „სტრასბურგს“ ესტუმრება (1 თებერვალი), უმასპინძლებს „მარსელს“ (8 თებერვალი), გაემგზავრება „რენში“ (16 თებერვალი) და მიიღებს „მეცს“ (22 თებერვალი). რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის პლეი-აუტს, რომლის კალენდარიც ამ პარასკევს, 30 იანვარს გახდება ცნობილი, თამაშები 17-18 და 24-25 თებერვალს არის ჩანიშნული".

ლიგის „პლეი-აუტში“ პარიზელთა სავარაუდო მეტოქე „მონაკო“ ან „ყარაბაღი“ იქნება. 1/8-ფინალები კი 10-11 და 17-18 მარტს გაიმართება, სადაც უკვე ხვიჩა სრულ მზადყოფნაში იქნება.

მსგავსი სიახლეები