ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

„კვარას დაზიანება სერიოზული ჩანს“ - ენრიკე მატჩის შემდეგ

პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ფაზის ბოლო ტური შინ „ნიუკასლთან“ ფრედ 1:1-ით დაასრულა და საქმე საგრძნობლად გაირთულა. პარიზელებს პლეი-აუტის გავლა მოუწევთ, რომ 1/8-ფინალში ითამაშონ.

მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ პრესასთან თავისი გუნდის თამაში შეაფასა.

„ის, რომ პლეი-აუტის გავლა მოგვიწევს, პრობლემაა თუ არა? არ ვიცი, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ. ეს ფეხბურთია. დღევანდელი დღე დასანანია, რადგან ვფიქრობ, გუნდი მეტს იმსახურებდა. პენალტი ვერ გამოვიყენეთ, მომენტები გავანიავეთ. გაშვებულმა გოლმა ზიანი მოგვაყენა და მეორე ტაიმში ნაკლებად ეფექტურები ვიყავით. თუმცა, რეალობა ასეთია. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს პლეი-ოფი. რთული იქნება, რადგან ეს ჩემპიონთა ლიგაა. ვეცდებით, მზად ვიყოთ.

გუნდის თამაში? დღეს მისი არასწორად შეფასება ძალიან ადვილია, თუმცა ვფიქრობ, სიტუაციას თავი ნორმალურად გავართვით. მიმაჩნია, რომ დღეს მოგებას ვიმსახურებდით, მაგრამ ეს მარტივი არ იყო. „ნიუკასლი“ მეოთხე კალათის გუნდია, ეს დაუჯერებელია. ყველა ეს გუნდი ჩვენთვის რთული მეტოქეა. ვგრძნობ, რომ ჩვენს ჯგუფში თამაში ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ეს საუკეთესო მომზადებაა პლეი-ოფისთვის და შემდეგი ეტაპებისთვის, თუკი პლეი-აუტს მოვიგებთ. ჩვენ სირთულეებს მიჩვეულები ვართ და მე მიყვარს გამოწვევები.

დღეს ამ ყველაფრის არასწორი ინტერპრეტაცია მარტივია, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი მიდგომა სწორია.

ტრავმების მხრივ საუკეთესო მდგომარეობაში არ ვართ. დღეს კიდევ ერთი მოთამაშე გამოგვაკლდა - კვარა. და დიახ, დაზიანება სერიოზული ჩანს. იმედი მაქვს ვცდები და ხვალ კარგი სიახლეები გვექნება".

- განაცხადა ენრიკემ.

ცნობილია, თუ ვინ შეიძლება იყოს პარი სენ ჟერმენის მეტოქე პლეი-აუტში. ლუის ენრიკეს გუნდი წილისყრის შედეგად მონაკოს ან ყარაბაღს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები