ნევილი: მანჩესტერ იუნაიტედში მაგია დაბრუნდა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, გარი ნევილმა, მაიკლ კერიკის ხელმძღვანელობით გუნდის თამაშის შესახებ ისაუბრა.
გუშინ მანკუნიანელებმა პრემიერ ლიგის 23-ე ტურში „არსენალი“ ანგარიშით 3:2 დაამარცხეს. 17 იანვარს „იუნაიტედმა“ „მანჩესტერ სიტის“ 2:0 მოუგო.
„მაიკლ კერიკი დიდ შექებას იმსახურებს, ისევე როგორც მოთამაშეები იმისთვის, რაც მათ გააკეთეს. მათ რეაგირება მოახდინეს ყველაფერზე, რაც მათ უთხრეს. ჩვენ არ ვიცით, რას ეუბნებოდნენ მათ ვარჯიშებზე, მაგრამ ისინი ისე რეაგირებენ, როგორც ადრე არასდროს. როგორც ჩანს, კლუბში დაბრუნდა მაგია, იმის შეგრძნება, თუ როგორ ვითამაშოთ აგრესიულად, რისკიანად, გავიტანოთ ბრწყინვალე გოლები, შევუტიოთ სისწრაფეზე, განვახორციელოთ კონტრშეტევები“ - თქვა ნევილმა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისურმა კლუბმა 5 იანვარს, რუბენ ამორიმი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა, რის შემდეგაც „წითელი ეშმაკები“ დროებით მაიკლ კერიკს ჩააბარეს.
გეტყვით ასევე, რომ კერიკის სამწვრთნელო კარიერა „ოლდ ტრაფორდზე“ 2018 წელს დაიწყო, როცა ის ჟოზე მოურინიოსა და ოლე გუნარ სულშერის შტაბში მუშაობდა. სულშერის გადადგომის შემდეგ მან დროებითი მწვრთნელის როლიც მოირგო, ბოლო ორწელიწადნახევარი კი „მიდლსბროს“ წარმატებით ხელმძღვანელობდა.