არბელოა: “ვიხილეთ ისეთი რეალი, როგორიც დიდი ხანია არ გვინახავს“
ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალი ვილიარეალს ესტუმრა და კილიან მბაპეს დუბლის წყალობით 2:0 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ კომენტარი გააკეთა.
არბელოა:
„სრულფასოვანი ვარჯიშებისთვის დიდი დრო არ გვქონდა — აქცენტი აღდგენაზე გავაკეთეთ. თუმცა დროის გასვლასთან ერთად გუნდი აშკარად პროგრესს განიცდის. დღეს მართლაც ბრწყინვალე ვინისიუსს ვხედავთ და ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი ფეხბურთელი ჩემს გუნდშია. გასაუმჯობესებელი ჯერ კიდევ ბევრია, თუმცა ამას დრო სჭირდება. ჯერჯერობით საკმარისი სავარჯიშო სესიები არ გვქონია.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთიანობაა. მყავს შესანიშნავი გუნდი — ფეხბურთელები ერთად მუშაობენ და ყოველთვის ერთმანეთის გვერდით არიან. მოთამაშეების შრომა და თავდადება ეჭვს არ იწვევს. ეს გამარჯვება მთლიანად გუნდის დამსახურებაა. დღეს ისეთი მადრიდის რეალი ვიხილეთ, როგორიც დიდი ხანია არ გვინახავს.
ვიცოდით, რომ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე რთული გასვლითი შეხვედრა გველოდა. მთავარი დამსახურება ფეხბურთელების თავდადებას ეკუთვნის — ეს იყო ნამდვილი გუნდური გამარჯვება. საჭიროა იმ მოთამაშეების გამოყენება, რომლებიც სივრცეში განსხვავებას ქმნიან. დიდი მიზნები მხოლოდ ერთიანობით მიიღწევა. ეს ჯანსაღი და შეკრული გუნდია.
ფეხბურთელების მონდომება აშკარად ჩანს ვარჯიშებზე და ეს ნამდვილად მაბედნიერებს. როგორც გასულ ოთხშაბათს, ახლაც ვინისიუსი თავის საუკეთესო ფორმაში ვიხილეთ. ჩვენ ვუქმნით მას პირობებს, რათა საკუთარი ინდივიდუალური თვისებებით მეტოქეებს საფრთხე შეუქმნას. როგორც უკვე ვთქვი, ძალიან გაგვიმართლა — ის გამორჩეულია და ამაყი ვარ იმით, რასაც მოედანზე აკეთებს.“
შეგახსენებთ, რომ არბელოას ხელმძღვანელობით რეალმა უკვე 4 მატჩი გამართა. ყოფილი მარჯვენა მცველის დებიუტი საშინელი იყო. ბლანკოსი სამეფო თასზე ალბასეტესთან 2:3 დამარცხდა.
ამის შემდეგ, ლევანტეს ლა ლიგის ეგიდით 2:0 აჯობა. ჩემპიონთა ლიგაზე სამეფო კლუბმა მონაკოს 6:1 მოუგო და ახლა უკვე ვილიარეალი 2:0 დაამარცხა. შემდეგი მატჩი რეალს კვლავ ჩემპიონთა ლიგაზე, სტუმრად ბენფიკას წინააღდეგ ელის.