ბრძოლა პირსახოცისთვის, კომენტარები და შეტაკებები | აფრიკის თასის ფინალი
აფრიკის თასის ფინალში ტურნირის მასპინძელი მაროკო სენეგალს დაუპირისპირდა და დამატებით დროში 0:1 დამარცხდა. შეხვედრა უაღრესად დრამატული და სკანდალური გამოდგა. მეორე ტაიმის ბოლოს მთავარმა მსაჯმა სენეგალის კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა, რასაც „ტერანგას ლომების“ პროტესტი მოჰყვა.
სენეგალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, პაპე ტიავმა, ფეხბურთელებს თამაშის შეწყვეტისკენ მოუწოდა და მათ მოედანი დატოვეს. ისინი სადიო მანემ დააბრუნა, რომელმაც თანაგუნდელებს მიმართა და უთხრა: „დაბრუნდით, კაცურად უნდა ვითამაშოთ.“ პენალტი ბრაჰიმ დიასმა შეასრულა და პანენკა დაარტყა, თუმცა ვერ გაიტანა.
მატჩის შემდეგ მომხდარზე კომენტარი ორივე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა.
„ოდნავ სამარცხვინო სურათი ვაჩვენეთ. რაც დღეს პაპე ტიავმა გააკეთა, აფრიკას ღირსეულად არ წარმოაჩენს. ეს ღირსეული საქციელი სულაც არ არის, თუმცა არაუშავს, ჩემპიონია და შეუძლია რაც უნდა, ის თქვას,“ — აღნიშნა მაროკოელთა დამრიგებელმა, ვალიდ რეგრაგიმ.
„არ ვაფასებ იმას, რაც გავაკეთე. საფეხბურთო სამყაროს ბოდიშს ვუხდი. ყველაფრის გაანალიზების შემდეგ ფეხბურთელები მოედანზე დავაბრუნე. ზოგჯერ ცხელ გულზე იღებ გადაწყვეტილებებს. საბოლოოდ, მსაჯის შეცდომებს შევეგუეთ,“ — განაცხადა სენეგალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
აღსანიშნავია, რომ ტიავის პრესკონფერენციის მიმდინარეობისას მას მაროკოელმა ჟურნალისტებმა უსტვინეს და დაპირისპირებაც მოხდა, რის გამოც სენეგალელ სპეციალისტს საუბრის ნაადრევად შეწყვეტა და ოთახის დატოვება მოუწია.
მაროკოსა და სენეგალის მატჩში სხვა სკანდალური ეპიზოდებიც იყო. მთელი შეხვედრის განმავლობაში მაროკოელები ცდილობდნენ, „ტერანგას ლომების“ მეკარის, ედუარდ მენდის პირსახოცი დაემალათ. ერთ მომენტში აშრაფ ჰაკიმიმ პირსახოცი მოისროლა და ფეხბურთელების გარდა იგივე მიზანი ბალბოებსაც ჰქონდათ.
საქმე იქამდე მივიდა, რომ მენდის პირსახოცს სენეგალის სათადარიგო მეკარეები იცავდნენ, მაროკოელი ისმაელ საიბარი კი მათ პირსახოცთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდა.
შეხვედრის მიმდინარეობისას შეტაკება მოხდა გულშემატკივრებსა და სტიუარდებს შორის. სენეგალის ნაკრების რამდენიმე ქომაგს ტრიბუნების დატოვება აიძულეს და ერთი სტიუარდი სერიოზულად დაშავდა. იგი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.
Attempt of pitch invasion and clashes between Senegal fans and authorities ongoing literally when Diaz takes penalty.
— Tancredi Palmeri (@tancredipalmeri) January 18, 2026
I’m not a conspiracy guy but I believe Morocco and Senegal agreed for penalty to be missed for reasons of public safety#AFCON2025 pic.twitter.com/IUxhuybZ03