ცვლილებაზე შესვლიდან 8 წუთში - გიორბელიძის საგოლე პასი
ქართველი ფეხბურთელი გურამ გიორბელიძე წლევანდელ სეზონში თურქეთის „ერზრუმსპორის“ ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად ხვდება და დაკისრებულ მოვალეობას, რასაც მეტოქე გუნდის შეტევების განეიტრალება წარმოადგენს, 29 წლის მარცხენა მცველი თავს მშვენივრად ართმევს, რაც მისი საშუალო შეფასებებითაც კარგად დასტურდება. ამჯერად კი შეტევაშიც სასარგებლო იყო და საგოლე პასი შეასრულა.
თურქეთის თასის მეორე წრის შეხვედრაში, „რიზესპორთან“ საშინაო მატჩში „ერზრუმსპორის“ მთავარმა მწვრთნელმა რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს დასვენების საშუალება მისცა, თუმცა მეორე ნახევარში ლიდერების საქმეში ჩართვა მაინც მოუხდა და მათ შორის გახლდათ ქართველი ფეხბურთელიც. გიორბელიძე ცვლილებაზე 46-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო 54-ეზე მარცხენა ფლანგიდან მისი ჩაწოდების შემდეგ სალიჰ სალიკაიამ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში 2:0 დააფიქსირა.
ცნობისათვის, თურქეთის მეორე ლიგაში გურამ გიორბელიძემ „ერზრუმსპორის“ რიგებში ოცივე ტურში შეუცვლელად იასპარეზა. კვირას, „ამედსპორთან“ საშინაო მატჩში კი უკვე გადაწყვეტილია რომ ვერ ითამაშებს, რადგან ყვითელი ბარათების ლიმიტი ამოწურა და ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.