მანჩესტერ იუნაიტედმა ბრუნო ფერნანდეში მინიმუმ 1 თვით დაკარგა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი და კაპიტანი, ბრუნო ფერნანდეში, ტრავმის გამო მოედანს ხანგრძლივი ვადით ჩამოშორდა.
31 წლის პორტუგალიელმა დაზიანება პრემიერლიგის მე-17 ტურში, „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ (1:2) გამართული მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს მიიღო და მეორე ტაიმში, თამაში აღარ გაუგრძელებია.
The Telegraph-ის ინფორმაციით, რბილი ქსოვილების დაზიანების გამო, ბრუნო შესაძლოა მინიმუმ ერთი თვე გამოტოვოს.
აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელ ნახევარმცველს „იუნაიტედის“ შემადგენლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თამაში მხოლოდ ორჯერ ჰქონდა გამოტოვებული: ერთი მატჩი ავადმყოფობის გამო 2021/22 წლების სეზონში და ორი მატჩი მუხლის ტრავმის გამო, 2023/24 წლების სეზონში.
მიმდინარე სეზონში ბრუნომ 18 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 7 ასისტი მიითვალა. ის „წითელი ეშმაკების“ ღირსებას 2020 წლიდან იცავს.