ზურიკოს დუბლი | 2 ბრწყინვალე მოქმედება და შესანიშნავი შესრულება
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-17 ტურში „სენტ-ეტიენმა'' შინ ბოლოადგილოსან „ბასტიას'' უმასპინძლა, შეხვედრა 2:2 დასრულდა.
„სენტე-ეტიენის'' ქართველ შემტევს, ზურიკო დავითაშვილს ანგარიშის გახსნა მატჩის დასაწყისში, მე-4 წუთზე შეეძლო, ახლოდან ცუდად დაარტა, თუმცა შემდეგ წონასწორობა ორჯერ აღადგინა.
24-ე წუთზე თანაგუნდელის პასი კარგად მიიღო, კარგად მოტრიალდა და მეკარესთან ერთი-ერთზე გასულმა სეზონში მე-7 გოლი გაიტანა. 81-ე წუთზე ზურიკომ საჯარიმოში შესანიშნავად იმოქმედა, სივრცე აითვისა, ეფექტური გოლით წონასწორობა აღადგინა და გუნდი მარცხისგან იხსნა. ეს მისი მე-8 გოლია ლიგა 2-ის ამ სეზონში.
„სენტ-ეტიენმა'' 17 მატჩში 30 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზეა, ლიდერ „ტრუას'' 2 ქულით ჩამორჩება, თუმცა „ტრუამ'' 32 ქულა 16 მატჩში დააგროვა, ერთი ნაკლები მატჩი გამართა.
საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 24 წლის ქართველმა შემტევმა 15 მატჩში 9 საგოლე მოქმედება დააგროვა, 8 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.
შეგახსენებთ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ზურიკო დავითაშვილმა შესაძლოა „სენტ-ეტიენი'' დატოვოს. „ბეშიქთაშის'' ხელმძღვანელებმა, რომლებმაც შემადგენლობის გაძლიერება გადაწყვიტეს, სამიზნეები უკვე განსაზღვრეს, დავითაშვილის ტრანსფერზე მუშაობა განაახლეს.
Footmercato-ს ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობა შესაძლოა ამ ზამთარს შეიცვალოს: ერთ-ერთმა ევროპულმა კლუბმა მის შესაძენად ნაბიჯები უკვე გადადგა, „მწვანეები“ კი ბაზრიდან წამოსულ შემოთავაზებებს უკვე უსმენენ. ასე რომ, „ბეშიქთაშის'' გარდა კიდევ ერთი კლუბი იჩენს დიდი ინტერესს, თუმცა აღნიშნული კლუბის ვინაობა არ სახელდება. თუ ზაფხულში „სენტ-ეტიენი“ კატეგორიულ უარზე იყო, ახლა კლუბი მზადაა წინადადებები განიხილოს, თუ შეთავაზებული თანხა მისაღები იქნება. მისი სატრანსფერო ღირებულება ამჟამად დაახლოებით 9-12 მილიონ ევროდ ფასდება, თუმცა კლუბი შესაძლოა მეტსაც ითხოვდეს.