2026 წლის მუნდიალის ფინალის ბილეთები 2022 წლის ბილეთზე 7-ჯერ ძვირია -BBC Sport
გულშემატკივრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ბილეთების ფასებით უკმაყოფილონი არიან.
მუნდიალის ფინალის ბილეთების ფასები „ბიუჯეტურ კატეგორიაში“ 4185 დოლარიდან იწყება, იუწყება BBC Sport-ი.
ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ფიფამ ეროვნულ ასოციაციებს აცნობა ჯგუფური ეტაპის მატჩებსა და ფინალზე ადგილების განაწილების შესახებ.
ფინალის ყველაზე იაფი ბილეთის ფასი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატთან შედარებით, თითქმის შვიდჯერ გაიზარდა.
კატარში ღია გაყიდვაში ყველაზე იაფი ბილეთები 600 დოლარი ღირდა. BBC-ის მონაცემებით, ინგლისისა და ხორვატიის 17 ივნისის მატჩზე ბილეთების ფასი 265 დოლარიდან იწყება, მეოთხედფინალებზე ბილეთები 680 დოლარიდან ღირს, ხოლო ნახევარფინალებზე 920 დოლარი.
გულშემატკივართა გაერთიანებამ „ევროპის საფეხბურთო გულშემატკივრები“ განაცხადა, რომ „შოკირებულია“ ფიფას „მძარცველური“ საფასო სტრატეგიით.
ფანებმა მოითხოვეს დაუყოვნებლივ შეწყდეს ბილეთების გაყიდვა და დაამატეს, რომ ყველაზე იაფ კატეგორიაში ბილეთების არარსებობა არის „მსოფლიო ჩემპიონატის ტრადიციების უზარმაზარი ღალატი, რომელიც უგულებელყოფს გულშემატკივრების წვლილს ამ სანახაობაში“.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება. ეს ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება, რომელშიც მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს.