“ბურთი თამაშში სწრაფად არ შეიყვანა და ეს სასარგებლო არ იყო“ - სლოტი მამარდაშვილზე
პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ლივერპული სანდერლენდს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან ისაუბრა.
სლოტი:
„სანდერლენდმა პრემიერ ლიგა დიდებულად დაიწყო. ეს არის გუნდი, რომელმაც საკუთარ სტადიონზე ჩელსი დაამარცხა და არსენალთან ფრედ დაასრულა. საკმაოდ რთული მატჩი გველოდება. ეს გუნდი სტანდარტულებზე შესანიშნავად თამაშობს და ძალიან სახიფათოა.
სწრაფად თამაში ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგალითად, პსვ-სთან მატჩის დროს, ერთ-ერთ ეპიზოდში გიორგი მამარდაშვილს ჰქონდა ბურთი და თამაშში სწრაფად არ შეიყვანა. სამკუთხედის გაკეთება შეგვეძლო, მაგრამ ის ფიქრობდა, რომ პსვ პრესინგზე ითამაშებდა. სწორედ ამიტომ შეყოვნდა.
ეს უბრალოდ ერთი მომენტი იყო, მაგრამ სასარგებლოდ ნამდვილად არა. სანდერლენდი პსვ-ს მსგავსი გუნდია და მათთან სწრაფი ტემპი დაგვჭირდება. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე ორ უკიდურეს სტილს ირჩევს. ან ძალიან მაღალ პრესინგს თამაშობენ ან ღრმა დაცვას მიმართავენ. ასეთ მოწინააღმდეგესთან თამაში ყოველთვის რთულია.“
შეგახსენებთ, რომ ლივერპული მიმდინარე სეზონში საშინელ ფორმაშია. მაგალითად პრემიერ ლიგაში არნე სლოტის გუნდი 21 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება.
რაც შეეხება მამარდაშვილს, მისი ძირითად შემადგენლობაში თამაშის შანსები შემცირდა, რადგან ალისონ ბეკერმა ტრავმა მთლიანად მოიშუშა და სრულ მზადყოფნაშია.