სენსაცია ამსტერდამში | იეგოიანის ექსელსიორმა აიაქსი დაამარცხა
ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-13 ტურში ამსტერდამის „აიაქსი'' შინ „ექსელსიორთან'' 1:2 დამარცხდა. „ექსელსიორის'' სასტარტო შემადგენლობაში ირაკლი იეგოიანმა 90 წუთი ითამაშა. დღევანდელ მატჩში დაცვითი ფუნქციების შესრულებაზე ორიენტირდა. Sofascore-მა 7,2 დაუწერა (მე-5 შედეგი თავის გუნდში), Whoscored-მა - 7,11 (მე-3 შედეგი თავის გუნდში).
„იოჰან კრუიფ არენაზე’’ ნოა ნაუიოქსმა დუბლი შეასრულა, 23 წლის ნიდერლანდელმა გოლები 37-ე და 46-ე წუთებზე გაიტანა. „აიაქსის'' მხრიდან ერთადერთი საპასუხო გოლი 59-ე წუთზე კასპერ დოლბერგმა შეაგდო.
ნიდერლანდების ჩემპიონატში იეგოიანმა ზედიზედ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ყველა სასტარტოდან დაიწყო და მხოლოდ ორ მატჩში შეცვალეს (სადებიუტო მატჩში 71-ე წუთზე გაიყვანეს და მე-9 ტურში „სიტარდთან, როცა საგოლე პასი შეასრულა, 81-ე წუთზე დატოვა მინდორი). 9 მატჩი სასტარტოში შეუცვლელად ჩაატარა, რაც ნიშნავს რომ კარგ ფიზიკურ ფორმაშია. დაცვასა და შეტევაში დიდ სამუშაოს ასრულებს. 11 მატჩში მის აქტივში 1 გოლი და 2 საგოლე პასია.
13 ტურში „აიაქსმა’’ 20 ქულა დააგროვა და ამ მომენტისთვის, როცა ჯერ ტური არ დასრულებულა, მე-4 ადგილზეა. 18-გუნდიან ლიგაში „ექსელსიორი’’ 13 ქულით მე-14 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 29 ნოემბერს „ბრედას’’ მიიღებს.
იეგოიანის აღიარება
DataMB-ის ინფორმაციით, ტოპ 7 ლიგაში 21-წლამდე ფეხბურთელებს შორის ყოველ ას პასზე მოსალოდნელი საგოლე პასების (xA) რაოდენობით ირაკლი იეგოიანი მე-4 ადგილზეა.
პირველზე „რენის’’ 18 წლის ფორვარდი მოჰამედ მეიტეა, ყოველ 100 პასზე მოსალოდნელი საგოლე პასების რაოდენობა 2,71-ს შეადგენს. მეორეზე „ჰელას ვერონას’’ 21 წლის ბრაზილიელი შემტევი ჯიოვანია (0.94), მათ „ლევერკუზენის’’ 19 წლის კამერუნელი ფორვარდი კრისტიან კოფანე მოჰყვება (0,57). მეოთხე ადგილზე ირაკლი იეგოიანი (0.56) და „ტონდელას’’ 20 წლის თავდამსხმელი იეფრეი როდრიგესი არიან (0.56). აღნიშნული სტატისტიკა მოიცავს მიმდინარე სეზონში 10 ნოემბრამდე ჩატარებულ მატჩებს.