ანტონი: იუნაიტედში უპატივცემულობას ვგრძნობდი, მაგრამ წყენა არავისზე მაქვს
„ბეტისის“ ვინგერმა, ანტონიმ განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედზე“ წყენა არავისზე აქვს, მიუხედავად იმისა, რომ უპატივცემულო დამოკიდებულებას გრძნობდა.
„როდესაც ვამბობ, რომ უპატივცემულობას ვგრძნობდი, ეს ასევე უკავშირდება ზოგიერთ ადამიანს, რომელზეც ლაპარაკს შეუსაბამოდ ვთვლი. ვფიქრობ, მე იმათთაგანი ვარ, ვისაც პოლემიკაში შესვლა, სახელების დასახელება ან მსგავსი რამ არ უყვარს, მაგრამ ეს რთული იყო. დიახ, ვგრძნობდი, რომ არ მცემდნენ პატივს, მაგრამ ეს ცხოვრების ნაწილიცაა. წყენა არავისზე მაქვს, არავისზე ვარ გაბრაზებული. ჩემთვის ეს შესანიშნავი გამოცდილება იყო, რომელმაც მასწავლა ბრძოლა და გარკვეულ სიტუაციებში სიბრძნის გამოჩენა, რადგან ეს ცხოვრების ნაწილია, ეს პროცესის ნაწილია. მე ასევე ძალიან მადლობელი ვარ მანჩესტერის, რადგან იქ მხოლოდ ცუდი მომენტები არ მქონია, იყო კარგიც, გავიცანი შესანიშნავი ადამიანები. ეს კარგი გამოცდილება იყო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ, „ბეტისში“ ვარ“ - თქვა ანტონიმ.
შეგხსენებთ, რომ 25 წლის ბრაზილიელი ესპანური გუნდის ღირსებას სექტემბრიდან იცავს. მიმდინარე სეზონში ანტონიმ 11 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა.
გეტყვით ასევე, რომ Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს.