სხვაობა დიდია, სამუშაო ბევრი გვაქვს | სვანაძე გერმანიასთან მარცხზე
ევროშესარჩევის მეხუთე ტურში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები „მიხეილ მესხზე’’ გერმანიასთან 0:2 დამარცხდა. პირველი ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე ბიშოფის შესრულებულ კუთხურს ელ მალას პასი და ლენარტ კარლის გოლი მოჰყვა. პირველ ტაიმში ქართველი ფეხბურთელები პოზიციურად რამდენჯერმე შეცდნენ, გოლის მომენტშიც ანალოგიურად იყო, 17 წლის ლენარტ კარლი, რომელიც უკვე მიუნხენის „ბაიერნის’’ პირველ გუნდში თამაშობს, უმეთვალყურეოდ დატოვეს. მეორე გოლი 58-ე წუთზე ტრესოლდიმ გაიტანა („ბრიუგეს'' ფეხბურთელია და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში „ბარსელონას'' შეუგდო).
მატჩის შემდეგ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა.
რამაზ სვანაძე: „ყველაფერი ლოგიკურია, სხვაობა დიდია. ვიცოდით რომ გაგვიჭირდებოდა და ასეც მოხდა. ერთადერთი, რაც ჩემს ფეხბურთელებზე შემიძლია ვთქვა, მაქსიმალურად დაიხარჯნენ. ის დავალებები, რაც დაცვითი ფუნქციების შესრულების მხრივ მივეცი, ეცადნენ და ნორმალურად შეასრულეს, თუმცა ბურთის ფლობაში სერიოზული პრობლემები გვქონდა. განსაკუთრებით შეტევაში და ამ მხრივ ბევრი სამუშაო გვაქვს.
ნებისმიერ დანაკლისი ჩვენთვის უდიდეს დანაკლისს წარმოადგენს, თუნდაც ერთი ფეხბურთელი იყოს... პროცესში ამ ყველაფრის შეცვლა რთული იყო იმიტომ, რომ წინა შეკრებებზე სხვა დაცვითი ხაზით და სხვა საყრდენებით ვითამაშეთ. ამ შეკრებაზე მთლიანად გუნდის ხერხემალი გამოგვაკლდა. გამოგვაკლდა ყველაზე მთავარ თამაშებში, თუმცა იმ ფეხბურთელების მიმართ, ვინც მათ ცვლიან, საპრეტენზიო არაფერი მაქვს, რადგან ისინი წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებენ.
ახალი გუნდი ვართ, მეტწილად საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელებით ვთამაშობთ. მაქსიმალურად იხარჯებიან, მაგრამ რეალობა სხვაა, ბევრი უნდა ვიმუშავოთ. დღევანდელ მატჩში დავინახეთ რეალობა. ინტენსიურობის მხრივ ძალიან ბევრი პრობლემაა.
ბართიშვილი გაფართოებულ სიაში გვყავს, მაგრამ მას მივეცით განვითარების საშუალება, მან 17 და 19-წლამდე ნაკრებებში ითამაშა და ამ ეტაპზე არ გამოვიძახეთ. თუ მას შესაბამისი განვითარების ტემპი ექნება, მას აუცილებლად გამოვიძახებთ.
ინტენსიურობაში დიდი სხვაობაა. სამწუხაროდ ამ თაობას პანდემიის გამო 17-წლამდე შესარჩევში არ უთამაშიათ, შემდეგ წარუმატებელი პერიოდი იყო, შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკა არ ჰქონდათ და ამ პრაქტიკის გარეშე ასეთ დონეზე თამაში წარმოუდგენელია და ჩვენ ამ ყველაფერს ეტაპობრივად გავდივართ, შეკრებიდან შეკრებამდე. რამდენიმე ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა წლებია არ აქვს. პრობლემები არის და ვცდილობთ ეტაპობრივად აღმოვფხვრათ.
დღეს დაცვაში უფრო მეტი გუნდურობა იყო, რასაც შეტევაზე ვერ ვიტყვი''.
დიდი დანაკლისი
ნოემბრის სანაკრებო პაუზა ირაკლი იეგოიანმა გამოტოვა, საბერძნეთთან მიღებული ტრავმის გამო გერმანიასთან ლუკა ლაცაბიძემ ვერ ითამაშა, რაც ასევე დიდი დანაკლისია. გარდა ამისა, ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში სანდრო ნარიმანიძე და გაბრიელ სიგუა მიიწვია. გარდა ამისა, ვახტანგ სალია კვლავ ტრავმირებულია, ხოლო მეკარე მიხეილ მაქაცარია უთამაშებელია და ამის გამო ნოემბრის მატჩებში პაპუნა ბერუაშვილი იდგა, რომელიც რანგით მეორე ლიგის „რუსთავის’’ მეკარეა. მაშინ როცა გერმანიის 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელთა უმრავლესობა ბუნდესლიგაში თამაშობს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დღეს მეტწილად საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეებით გამოვიდა, კლასსა და გამოცდილებაში სხვაობა დიდია, დღევანდელ მატჩში გერმანელთა სრული დომინაცია ლოგიკურია.
სიგუასა და ლაცაბიძის არყოფნაში გერმანიასთან კაპიტანი ნიკოლოზ დადიანი იყო.
მიმდინარე შესარჩევში საქართველომ ჩრდილოთ ირლანდიასთან შინ და ლატვიასთან სტუმრად 1:1 ითამაშა, შემდეგ სტუმრად მალტა გაანადგურა (0:6), რასაც ათენში ჯგუფის ლიდერ საბერძნეთთან მარცხი მოჰყვა (3:0), დღეს გერმანიასთან დავმარცხდით. საინტერესოა, რომ საბერძნეთმა ხუთივე მატჩი მოიგო, ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია, მეორე ტურში გერმანია სტუმრად დაამარცხა (2:3).
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მომდევნო მატჩს შემდეგ წელს, 27 მარტს შინ ლატვიასთან გამართავს.