„სეზონის დაწყებიდან ნორმალური არაფერი ყოფილა“ - ენრიკე ლიონთან მატჩის შემდეგ
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ სტუმრად „ლიონს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა.
ანგარიში 26-ე წუთზე ვიტინიას პასით ზაირ-ემერიმ გახსნა. 30-ე წუთზე კი მორეირამ წონასწორობა აღადგინა. 33-ე წუთზე კვლავ ვიტინიას ასისტით ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და პსჟ-მა ტაიმი 1:2 მოიგო. 50-ე წუთზე „ლიონმა“ ანგარიში კიდევ ერთხელ, ამჯერად მაიტლანდ-ნაილსის გოლით გაათანაბრა. გამარჯვების გოლი კი შეხვედრის მიწურულს, ჟოაო ნევეშმა გაიტანა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ განვლილი მატჩი ფრანგულ მედიასთან შეაფასა.
რა თქვა ენრიკემ:
„სწორი მენტალური მდგრადობა - ეს სიტყვა მომწონს. მატჩის მოსაგებად სწორი და ზუსტი მენტალიტეტი გამოვავლინეთ. რთული თამაში იყო, გოლი გავიტანეთ, შემდეგ „ლიონმა“ გაათანაბრა და ა.შ. 2:2-ზე რთული პერიოდები გვქონდა და თამაშს ვერ ვაკონტროლებდით. ამის მიუხედავად, მაინც მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ და პირველობა დავიბრუნეთ. მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი რთულად მიდის, მატჩები უნდა მოვიგოთ.“
„შეცდომა მეორე გოლის დროს? შეცდომა არა მეკარემ, არამედ დაცვის ხაზმა დაუშვა. თუ ბურთზე პრესინგით ადიხარ, ხაზიც უნდა აწიო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოთამაშეს უნდა დაედევნო. ეს ინდივიდუალური შეცდომებია, რომლებიც უნდა გამოსწორდეს.“
„ლიონმა ძალიან კარგად ითამაშა. ბევრი ტრავმირებული ჰყავს, თუმცა ნამდვილად ძლიერი გუნდია. მომწონს, როგორ ფეხბურთსაც თამაშობენ.“
„ყველა მოთამაშე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ისინი, ვინც გოლს იტანს! იმედი მაქვს, მოთამაშეთა უმეტესობას დავიბრუნებ და ნორმალური სეზონის ჩატარებას შევძლებ. ამ სეზონის დაწყებიდან ნორმალური არაფერი ყოფილა.“
„პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ში ლიდერობა დაიბრუნა. 12 ტურის შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდი სატურნირო ცხრილში 27 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორე-მესამე ადგილოსან „მარსელსა“ და „ლანსს“ 2 ქულით უსწრებს. პსჟ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 22 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „ლე ავრის“ წინააღმდეგ გამართავს.