3 საგოლე მოქმედება ბოლო ხუთ მატჩში | იეგოიანი კარგ ფორმაშია
ნიდერლანდების უმაღლეს ლიგაში „ექსელსიორმა’’ შინ „ჰერაკლესს’’ მე-8 წუთზე გაუტანა, ირაკლი იეგოიანის დარტყმის შემდეგ ბურთი ნოა ნაუიოკს მოხვდა და გოლი გავიდა. ქართველ შემტევს საგოლე პასი ჩაუთვალეს.
მეორე ტაიმში „ჰერაკლესმა'' თამაში შემოატრიალა, 1:2 მოიგო. „ექსელსიორმა'' 12 მატჩში 10 ქულა დააგროვა, მე-15 ადგილზეა და ამ მომენტისთვის გასავარდნ ზონას 1 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში, 22 ნოემბერს „ექსელსიორი'' „აიაქსს'' ესტუმრება.
იეგოიანმა, რომელიც უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს, ბოლო ხუთ ტურში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა (3 საგოლე მოქმედება). გარდა დღევანდელი მატჩისა, „ჰერენვენს’’ შეუგდო და სიტარდის „ფორტუნასთან’’ საგოლე პასით დაეხმარა გუნდს.
ნიდერლანდების ჩემპიონატში იეგოიანმა ზედიზედ ათ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ყველა სასტარტოდან დაიწყო და მხოლოდ ორ მატჩში შეცვალეს (სადებიუტო მატჩში 71-ე წუთზე გაიყვანეს და მე-9 ტურში „სიტარდთან, როცა საგოლე პასი შეასრულა, 81-ე წუთზე დატოვა მინდორი). 8 მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, რაც ნიშნავს რომ კარგ ფიზიკურ ფორმაშია. დაცვასა და შეტევაში დიდ სამუშაოს ასრულებს.
„ჰერაკლესთან'' მატჩის შემდეგ სანაკრებო პაუზაა, იეგოიანი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შეკრებაზე გაემგზავრება. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრები საბერძნეთთან სტუმრად და გერმანიასთან შინ ითამაშებს. რამაზ სვანაძის გუნდი საბერძნეთს 14 ნოემბერს ათენში დაუპირისპირდება, ხოლო გერმანიას 18 ნოემბერს „მიხეილ მესხზე'' მიიღებს.