ტრამპმა 2026 წლის მუნდიალის აშშ-ის სხვა ქალაქებში გადატანის შესაძლებლობა დაუშვა
აშშ-ის პრეზიდენტმა 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების აშშ-ის ზოგიერთი ქალაქიდან გადატანის შესაძლებლობა დაუშვა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს მატჩების გადატანას, თუკი ჩათვლის, რომ რომელიმე ამერიკული ქალაქი, სადაც ტურნირი უნდა გაიმართოს, არ არის უსაფრთხო.
ჟურნალისტებმა თეთრი სახლის ლიდერს თამაშების სიეტლსა და სან-ფრანცისკოში ჩატარების შესახებ დაუსვეს კითხვა. ამ ქალაქებში ტურნირის ექვს-ექვსი მატჩი უნდა გაიმართოს.
„ეს საინტერესო კითხვაა. ჩვენ მათ უსაფრთხოებაზე უნდა ვიზრუნოთ. სიეტლსა და სან-ფრანცისკოს რადიკალი მემარცხენე გიჟები მართავენ, რომლებსაც არ ესმით, რას აკეთებენ. ჩვენ წავალთ ჩიკაგოში, მემფისში, სხვა ქალაქებში. იქ უსაფრთხო იქნება. თუ გადავწყვეტ, რომ იქ უსაფრთხო არ არის, ჩვენ მატჩებს აუცილებლად სხვა ქალაქში გადავიტანთ“, – დონალდ ტრამპმა.
ამასთან, როგორც The Athletic-ი წერს, ტრამპს არ აქვს უფლებამოსილება, რომ მატჩები რომელიმე ქალაქიდან გადაიტანოს. თუმცა, პრეზიდენტი უშუალო კონტაქტზეა FIFA-ს პრეზიდენტთან, ჯანი ინფანტინოსთან.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მუნდიალი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება. ეს ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება, რომელშიც მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს.