ოფიციალურად - ვიქტორ გიოკერეში არსენალის ფეხბურთელია
ვიქტორ გიოკერეში კარიერას ლონდონის „არსენალში“ გააგრძელებს. 27 წლის ფორვარდის ტრანსფერი როგორც „მეთოფეებმა“, ასევე მისმა აწ უკვე ყოფილმა კლუბმა, ლისაბონის „სპორტინგმა“ დაადასტურა. შვედმა ფეხბურთელმა „არსენალთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ვიქტორ გიოკერეში: „გოლების გატანა მინდა. მოუთმენლად ველი, როდის გავიტან გოლებს ამ მაისურით „არსენალის“ გულშემატკივრების წინაშე. ეს წარმოუდგენელი გრძნობა იქნება. ინგლისში დიდი ხნის წინ ვთამაშობდი და, ვფიქრობ, მას შემდეგ საგრძნობლად მოვუმატე. ვიგრძენი, რომ „არსენალში“ გადმოსვლა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. მიკელ არტეტას ვესაუბრე და ვიცი, როგორ ფეხბურთს თამაშობდა არსენალი გასულ წლებში. ეს ძალიან ძლიერი გუნდია, რომლის წინააღმდეგაც თამაში არავისთვისაა იოლი. ამ კლუბს უდიდესი ისტორია აქვს და გულშემატკივრებისგან ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობ“.
მიკელ არტეტა: „მოხარულები ვართ ვიქტორის ტრანსფერით. მან შესანიშნავი სტაბილურობა აჩვენა, ხოლო მისი სტატისტიკა ყველაფერს ამბობს. სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი თავდამსხმელია, რომელსაც სტაბილურად გააქვს გოლები როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე. საჯარიმოში ჭკვიანი გადაადგილების და მომენტების რეალიზაციის მაღალი მაჩვენებლების ხარჯზე ის მეტოქეებისთვის საფრთხის მუდმივ წყაროს წარმოადგენს“.
გიოკერეში არსენალში 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და გუნდს უახლოეს დღეებში, აზიურ ტურნეში შეუერთდება. „სპორტინგი“ შვედი ფორვარდის სანაცვლოდ 65 მილიონ ევროს მიიღებს, ბონუსების ჩათვლით კი სატრანსფერო თანხა შესაძლოა 76 მილიონამდე გაიზარდოს.