„იმედი მაქვს, გუნდს ბევრი გოლით დავეხმარები“ - აბუაშვილი მეცის ფეხბურთელია
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი გიორგი აბუაშვილი კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ „მეცში“ გააგრძელებს. ეს ინფორმაცია ფრანგულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
„მეცის“ გვერდმა ქართველი ფეხბურთელის კომენტარიც გაავრცელა, სადაც ის ტრანსფერის მიზეზებზე საუბრობს.
გიორგი აბუაშვილი:
„ძალიან მიხარია, რომ „მეცში“ ვითამაშებ და ამ გუნდის მაისურის ტარება მომიწევს. მოუთმენლად ველი გუნდთან ერთად პირველი მატჩის გამართვას. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს და აგენტებს ჩემდამი რწმენისთვის და ყოველდღიური მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს, რომ გუნდს რაც შეიძლება ბევრი გოლით დავეხმარები.“
შეგახსენებთ, რომ მომავალი სეზონისთვის გიორგი აბუაშვილის გარდა, „მეცში“ გიორგი წიტაიშვილიც ითამაშებს. ასევე, გასულ წლებში ფრანგული კლუბის ღირსებას გიორგი მიქაუტაძეც იცავდა, რომელიც შემდეგ „ლიონში“ სწორედ „მეციდან“ გადავიდა.
გიორგი აბუაშვილი ბოლოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, კერძოდ კი „კოლხეთი 1913“-ში თამაშობდა და ფოთელთა მაისურით ჩატარებულ 53 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.