ოთო მამაგეიშვილი იბერიაში არ დაბრუნდება | გიზის ტრანსფერზე აგენტი მუშაობს
CrystalSport-ის ცნობით, ინფორმაცია ოთარ მამაგეიშვილის „იბერიაში’’ დაბრუნების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. 22 წლის ნახევარმცველი „ფამალიკაოსთან’’ ერთად ახალი სეზონისთვის ემზადება.
როგორც ფეხბურთელის მენეჯერმა, პორტუგალიელმა ულისეს სანტოსმა CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა, ოთოს საქართველოში დაბრუნების ვარიანტი არ განიხილება. ასევე, მან გვითხრა, რომ ოთოს ტყუპისცალის, გიზის ტრანსფერზე მუშაობს და შესაძლოა ზაფხულში ევროპულ კლუბში გადაიყვანოს. ამჟამად, გიზი „იბერიასთან'' ერთად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, „მალმიოსთან'' პირველი მატჩი „მიხეილ მესხზე'' 1:3 დათმეს, საპასუხო მატჩი 15 ივლისს შვედეთში გაიმართება.
გასულ ზამთარში „ფამალიკაომ'' ოთო მამაგეიშვილი 800 000 ევროდ „იბერიადან'' შეიძინა, თუმცა სეზონის მეორე ნახევარში პორტუგალიის ჩემპიონატში მცირე სათამაშო დრო ჰქონდა (4 მატჩში 42 წუთი ითამაშა), მაგრამ ახლა გუნდთან ერთად შეკრებას გაივლის, ამხანაგურ მატჩებში ითამაშებს, რაც საუკეთესო თვისებების გამოვლენასა და კონკურენციაში შესვლაში დაეხმარება.
ფოტო: Nakrebi.ge