„მესი-მბაპე-ნეიმარის ტრიოს დროს გუნდი არ იყო“ - პირესი პსჟ-ის ჩემპიონობაში დარწმუნებულია
რობერ პირესი იმ ვეტერან ფეხბურთელთა კატეგორიას არ მიეკუთვნება, რომლებიც კარიერის დასრულების შემდეგ საზოგადოების წინაშე იშვიათად ჩნდებიან და ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ. პირიქით, „არსენალის“ ფრანგმა ლეგენდამ გადაწყვიტა ფეხბურთის თამაშისთვის თავის დანებების შემდეგ, ექსპერტობა შეეთავსებინა და ამ ამპლუაში ერთ-ერთ ტელევიზიაში წლებია მუშაობს. „ინტერი“ – „პსჟ“-ის ფინალის წინ, როდესაც პირესს თანამემამულეების შანსების შეფასება სთხოვეს, ისე რომ ეს მისთვის არავის უთხოვია, რობერმა პარალელი მესი-მბაპე-ნეიმარის ტრიოს დროინდელ გუნდთან გაავლო.
რას ამბობს პირესი
დარწმუნებული ვარ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდება. გახსოვთ გალაქტიკოსად წოდებული მადრიდის „რეალი“? მათ წინააღმდეგ მითამაშია და ისინი დავამარცხეთ. არადა, რა სახელები თამაშობდნენ მაშინდელ სამეფო კლუბში... თუმცა ტიტულებს სახელები კი არა, გუნდები იგებენ.
ფეხბურთი კოლექტიური სპორტია და თუ კარგ გუნდს შეკრავ, გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგება. იმისათვის, რომ ჩემპიონთა თასი მოიგო, საჭიროა მთელი გუნდი ერთობლივად უტევდეს და ერთობლივად იცავდეს თავს.
წლევანდელი „პარი სენ-ჟერმენი“ 100 პროცენტით უფრო ძლიერია მესი-მბაპე-ნეიმარის ფორმაციის გუნდზე. მაშინ სახელები ასპარეზობდნენ, ახლა კი მოედანზე გუნდია.
ცნობისათვის, რობერ პირესს კარიერის მანძილზე „რეიმსში“, „მეცში“, „მარსელში“, „არსენალში“, „ვილიარეალში“, „ასტონ ვილასა“ და „გოაში“ უთამაშია, თუმცა საუკეთესო პერიოდი „მეთოფეებთან“ ერთად აქვს გატარებული, რომლის რიგებშიც 2000-2006 წლებში 284 მატჩში 84 გოლი გაიტანა და ორჯერ ინგლისის პრემიერ ლიგა და ამდენჯერვე ქვეყნის ასოციაციის თასი მოიგო.