პრევიუ: SUPER BOWL - New England Patriots vs Philadelphia Eagles
თბილისის დროით 03:30-ზე მინესოტაში სტარტს აიღებს რიგით 52-ე “Super Bowl”, სადაც ერთმანეთს „ნიუ ინგლენდს პატრიოტსი“ და „ფილადელფია იგლზი“ დაუპირისპირდებიან.
სეზონის დასაწყისში ბილ ბელიჩეკი და „ნიუ ინგლენდი“ ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტები იყვნენ, ტომ ბრეიდი და კომპანია ფინალამდე საკმაოდ იოლად მივიდნენ, თუმცა “Super Bowl” აბსოლუტურად განსხვავებული მოვლენაა და გამარჯვებისთვის „პატრიოტებს“ სრული კონცენტრირება მართებთ.
„ნიუ ინგლენდი“ პლეიოფშიც აგრძელებს დაცვითი ფეხბურთის თამაშს, „პატრიოტებს“ პლეიოფში 20-ზე მეტი ქულა არცერთ შეხვედრაში მიუღიათ, ხოლო რეგულარულ სეზონში „ნიუ ინგლენდის“ დაცვა საშუალოდ მატჩში 18.5 ქულას უშვებდა.
ტომ ბრეიდი NFL-ის MVP მესამედ გახდა, „ნიუ ინგლენდსის“ თავდასხმა კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო რეგულარულ სეზონში, თუმცა აღსანიშნავია, რომ „პატრიოტებს“ ტომ ბრეიდის წინამძღოლობით ნათამაშებ 7 “Super Bowl”-დან არცერთში მოუპოვებიათ ქულები პირველ მეოთხედში.
„ფილადელფია იგლზმა“ სეზონი 13 მოგებითა და 3 მარცხით დაასრულა, კარსონ ვენცის ტრამვის შემდეგ „ფილადელფიას“ სერიოზულად არავინ განიხილავდა, თუმცა „იგლზმა“ კონფერენციის ფინალში 38-7 გაანადგურა საუკეთესო დაცვის მქონე „მინესოტა ვიკინგსი“.
„პატრიოტების“ მსგავსად „იგლზის“ მთავარი იარაღიც დაცვითი ფეხბურთია, უკანასკნელ 4 მატჩში „არწივებმა“ საშუალოდ 8.25 ქულა გაუშვეს, რაც საკმაოდ სოლიდური შედეგია. თუმცა ფინალის ბედი დიდწილად „ფილადელფიას“ ქორთერბექზე, ნიკ ფოულსზე იქნება დამოკიდებული.
ეს გუნდები 2005 წელს უკვე შეხვდნენ ერთმანეთს „Super Bowl”-ში და მაშინ გამარჯვება „პატრიოტებმა“ მოიპოვეს 24-21.