ემპოლი, საბა გოგლიჩიძე, ვენეცია
Aa
Aa

ემპოლიმ მთავარ კონკურენტს ვერ მოუგო და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა - გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა

იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში, საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, „ვენეციას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში ფრედ, 2:2 ითამაშა. მასპინძლებისთვის დღევანდელი მატჩი უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან გამარჯვების შემთხვევაში სატურნირო ცხრილში „ვენეციას“ გადაასწრებდნენ და ამავდროულად, გასავარდნ ზონასაც თავს დააღწევდნენ, მაგრამ რობერტო დ’ავერსას გუნდმა ამ შანსის გამოყენება ვერ შეძლო.

მასპინძლები თავდაპირველად იგებდნენ კიდეც, მაგრამ „ვენეციამ“ თამაშის შემოტრიალება და წინ გასვლაც შეძლო. საბოლოოდ, „ემპოლის“ მაქსიმუმი ამ შეხვედრიდან 1 ქულის მოპოვება აღმოჩნდა.

რაც შეეხება საბა გოგლიჩიძეს, ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. გოგლიჩიძეს გადამწყვეტი შეცდომა არ დაუშვია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ პირველი გოლის ეპიზოდში უკეთ მოქმედება მართებდა. საბას სტატისტიკა ასეთი იყო: ბურთთან 36 შეხება, 20-დან 14 ზუსტი პასი (70%), 8-დან 3 შორეული გადაცემა, 4 პოზიციური დუელიდან 1 მოიგო, 6 საჰაეროდან 2, ასევე 2 ჯარიმა, 5 განმუხტვა, 3 ვარდნა, 1 კარისკენ დარტყმა. ცნობილი სტატისტიკური პორტალის, Sofascore-ის მიერ მისი თამაში 6.5 ქულით შეფასდა, რაც „ემპოლიში“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო.

33 ტურის შემდეგ „ემპოლის“ სატურნირო ცხრილში 25 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-19 ადგილზე იმყოფება, ამდენივე ქულა აქვს „ვენეციას“, რომელიც ერთით მაღლა პოზიციაზე ბურთების უკეთესი შეფარდების გამოა. „ემპოლის“ სამშვიდობო ზონას, ანუ მე-17 ადგილს, სადაც „ლეჩე“ იმყოფება, 1 ქულა აშორებს. საბას გუნდი მომდევნო „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება. მატჩი 27 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები