მარცხი მარადონაზე ლაციოსთან | ნაპოლიმ ლიდერობა დაკარგა
იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში „ნაპოლი’’ „დიეგო მარადონაზე’’ რომის „ლაცისთან’’ 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი გუსტავ ისაკსენმა 79-ე წუთზე გაიტანა.
პირველ ტაიმში „პარტენოპეიში’’ ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი საუკეთესო იყო, შეტევებს ამწვავებდა, კარისკენ დარტყმის მცდელობები ჰქონდა, ტაიმის მიწურულს მის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევის გამო გენდუზიმ ყვითელი ბარათი მიიღო, კვარაცხელიამ ჯარიმა დაარტყა, თუმცა მცირე მანძილით ააცილა. მეორე ტაიმში ქართველი შემტევი შედარებით პასიური იყო, „ნაპოლის’’ რეალური საგოლე მომენტების შექმნა ძალიან უჭირდა.
Whoscored-მა კვარას 6,74 დაუწერა და მხოლოდ სამ თანაგუნდელს ჩამორჩა (ოლივეირას, პოლიტანოსა და ანგისას), ხოლო Sofascore-მა კვარა „ნაპოლიში'' საუკეთესოდ მიიჩნია, 7,4 დაუწერა.
მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის 15 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.
„ნაპოლიმ'' ლიდერობა დაკარგა, 15 ტურში მოპოვებული 32 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ატალანტას'' 2 ქულით ჩამორჩება. შესაძლოა, „აძური'' კიდევ უფრო დაქვეითდეს, რადგან კონკურენტებმა, „ინტერმა'' და „ფიორენტინამ'' ერთით ნაკლები შეხვედრა გამართეს. მომდევნო ტურში ანტონიო კონტეს გუნდი „უდინეზეს'' ესტუმრება (14 დეკემბერი).