გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ვილი სანიოლი, ირაკლი აზაროვი, ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

ვის შეცვლის სანიოლი? - ვინგბექის პოზიცია და დაუფასებელი კიტეიშვილი

ერთა ლიგის ახალი გათამაშების პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს 4:1 მოუგო, ალბანეთმა უკრაინასთან თამაში შემოატრიალა და 1:2 გაიმარჯვა. ქართველი და ალბანელი ფეხბურთელები მატჩს ამაღლებული განწყობითა და კარგი სათამაშო ფორმით ხვდებიან. ერთა ლიგის მეორე ტურში Air Albania Stadium-ზე ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ.

ალბანეთის დედაქალაქი ტირანა, ქალაქი ნოტიო ჰავით, არაფრით გამორჩეული არქტიტექტურით, 2019 წელს აშენებული ახალი და თანამედროვე სტადიონით, სადაც საქართველოს ნაკრები მეორედ ითამაშებს.

ტურისტულად ნაკლებად საინტერესო ქვეყანაა, თუმცა არ ვიცი რამდენად ზუსტია მოსაზრება ტირანაში კრიმინალის შესახებ, სტადიონთან ახლოს ვცხოვრობ, სადაც ბევრი ბარი და რესტორანია, მაგრამ დაძაბულობა ან პოლიციის ჩართულობა არსად შემინიშნავს.

40-იანი წლებიდან მოყოლებული ალბანეთი „ქემალ სტაფაზე’’ თამაშობდა. წარსულში ალბანეთი კომუნისტური ქვეყანა იყო, ალბანეთის კომუნისტური პარტია ქალმა ქემალ სტაფამ დააარსა და შემდეგ სტადიონს მისი სახელი უწოდეს. ბოლო წლებში ქვეყანა შეიცვალა, 2009 წელს ალბანეთი ნატოში შევიდა, ქალაქი უფრო კეთილმოწყობილი გახდა. 2016 წელს „ქემალ სტაფა’’, კომუნისტური წარსულის ერთ-ერთი სიმბოლო დაანგრიეს და 2016-19 წლებში 85 მილიონ ევროდ ახალი სტადიონი ააშენეს -  Air Albania Stadium. ქემალ სტაფასგან განსხვავებით ახალი სტადიონი ოლიმპიური არაა, მინდორთან მიდგმულია ტრიბუნები, რაც ქომაგის როლს მნიშვნელოვნად ზრდის.

სტადიონი და Marriott-ის სასტუმრო ერთ შენობად ერთიანდება, ამ სასტუმროშია საქართველოს ნაკრები. მგზავრობა არ გიწევს, ფეხბურთელებისთვის კომფორტული სივრცეა, თუმცა როცა საქართველოს ნაკრები მოედანზე გავიდა, ჩანდა რომ მინდვრის საფარი იდეალურ მდგომარეობაში არ იყო.

ახალ სტადიონზე ვილი სანიოლის გუნდს ერთხელ უკვე უთამაშია, 2022 წელს ამხანაგურ მატჩში 0:0 ვითამაშეთ. პირველად მამარდაშვილმა ეროვნულ ნაკრებში გოლი ამ მატჩში არ გაუშვა.

ალბანეთში 4 ოფიციალური მატჩიდან მხოლოდ ერთხელ მოვიგეთ, 1994 წელს შოთა არველაძის გოლით. ოთხივე მატჩი „ქემალ სტაფაზე'' გავმართეთ და ახალ სტადიონზე პირველად ოფიციალურ მატჩს დღეს ჩავატარებთ, შეხვედრა თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

რაც შეეხება პრესკონფერენციებს, უცნაურია მაგრამ სილვინიოს პრესკონფერენცია ძალიან დიდხანს გაგრძელდა, ალბათ დაახლოებით 10-15 კითხვა დაუსვეს, ბრაზილიელი სპეციალისტი თითოეულ კითხვაზე ვრცლად საუბრობდა, მაგრამ ინგლისურად არ თარგმნეს. შემდეგ ცოტა დრო ქართველ ჟურნალისტებს დაგვითმეს, სილვინიომ კომპლიმენტები არ დაიშურა. აღნიშნა, რომ საქართველოს კვარას გარდა კიდევ ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს.

სილვინიოს, ლონდონის „არსენალის’’ მაისურით, გიორგი ქინქლაძის წინააღმდეგ უთამაშია, მისი ასისტენტი პაბლო საბალეტა „ქინქის'' პირადად იცნობს, „მან. სიტიში'' სხვა დროს თამაშობდა, მაგრამ „ქინქიძეზე'' კარგად ინფორმირებულია.

რაც შეეხება სანიოლის პრესკონფერენციას ვილის მარცხენა „ვინგბექის’’ პოზიციაზე ვკითხე, შეცვლის თუ არა ლოჩოშვილს, წიტაიშვილით ან აზაროვით. ეს კითხვა იმიტომ დავსვი, რომ ჩეხეთს ფიზიკურად ძლიერი და მაღალი ფეხბურთელები ჰყავს. აქედან გამომდინარე, მაღალი და ფიზიკურად ძლიერი „ვინგბექი’’ ლუკა ლოჩოშვილის სახით ლოგიკური გამოსავალი იყო, თუმცა ალბანეთი განსხვავებული გუნდია, უფრო სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელებით, დაცვაში სივრცეებს არ ტოვებენ და მწვავე კონტრშეტევები აქვთ. ცხადია, ლუკა დაცვითი ფუნქციების შესრულების კუთხით ორივე კონკურენტს სჯობს, მაგრამ დაცვასა და შეტევაში თამაშის თვალსაზრისით წიტაიშვილი და აზაროვი მასზე უფრო დაბალანსებული ვარიანტებია. აზაროვს თითქმის 1 წელია ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშია. აქედან გამომდინარე, ლოჩოშვილის შეცვლის ყველაზე რეალური ვარიანტი წიტაიშვილი მგონია.

შესწორება: თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე გაირკვა, რომ წიტაიშვილს მაღალი ტემპერატურა აქვს და სამატჩო განაცხადში არ იქნება. ეროვნული ნაკრების სამატჩო განაცხადში ლუკა გადრანი პირველად მოხვდება. წიტაიშვილის არყოფნიდან გამომდინარე შესაძლოა ლოჩოშვილი აზაროვმა შეცვალოს.

ვილის პასუხი ასეთი იყო:  „რა თქმა უნდა, დღეს ცვლილებაზე საუბარს არ ვაპირებ. ყველა თამაში განსხვავებულია და ვერ ვიტყვი, თუ რომელი მოთამაშე ჩაიცვამს მაისურს. რაც შეეხება ლოჩოშვილს, მისი გამოყენება საჭირო იყო. ცვლილებაზე ახლა საუბარი არ მსურს’’.

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ალბანეთთან მარცხის შემდეგ დაცვაში მეტოქის კარგ თამაშს ხაზი გაუსვა: „გადაჭარბებად არავინ ჩამითვალოს, მაგრამ ალბანეთის ნაკრები უზომოდ ძლიერი და ორგანიზებული გუნდია, რომელიც იოლად არც ერთ მოწინააღმდეგეს არაფერს არ დაუთმობს. ისინი დაცვაში სივრცეებს პრაქტიკულად არ ტოვებენ და მათი კონტრშეტევების შეჩერება ურთულესი საქმეა’’.

ჩემი აზრით, თუ სანიოლი სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებას გააკეთებს, ეს მხოლოდ ლუკა ლოჩოშვილს შეეხება იმ არგუმენტიდან გამომდინარე, რაც ზევით დავწერე. ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და ტრავმის კუთხით დანაკლისი არაა. მეკარემ და შემტევებმა ჩეხეთთან მაღალ დონეზე ითამაშეს, მხოლოდ დაცვის ხაზში იყო მცირე ხარვეზები, მაგრამ თუ ვინმეს შეცვლის, ალბათ ეს ლოჩოშვილი იქნება, რადგან ალბანეთი ჩეხეთისგან მკვეთრად განსხვავებული გუნდია.

ვილის კითხვა ჩეხეთთან მატჩის შემდეგაც დავუსვი, კიტეიშვილზე ვკითხე. ევრო 2024-ზე ჩეხეთთან და ერთა ლიგაზე ჩეხეთთან - ამ ორ მატჩში საქართველოს ნაკრებმა განსხვავებული ფეხბურთი აჩვენა. მთავარი ფაქტორი რატომაც ჩეხებმა გერმანიაში გვაჯობეს და თბილისში მაგრად მოვუგეთ, „შტურმის’’ გამთამაშებელია, რომელიც ნაკრებში უფრო უკან თამაშობს, ბურთი „ამოაქვს,'' შეტევებს იწყებს და რამდენიმე გამამწვავებელი პასი გააკეთა. დაახლოებით ისეთი, საუკეთესო ფორმაში მყოფი კვეკვესკირი რომ აკეთებდა.

ვილის პასუხი ამ კითხვაზე: “სრულიად გეთანხმებით, 100 პროცენტით, კიტეიშვილი მთავარი ფაქტორი იყო, მეტსაც გეტყვით, კიტეიშვილი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია. მას როგორც ტოპ ლიგაში, ასევე ტოპ კლუბში თამაში შეუძლია. როცა ევრო 2024-ზე თამაშობდა, ყველაფერი კარგად იყო. როცა გვაკლდა, თამაში ძალიან გვიჭირდა. მისი ფუნქცია რთულად შესასრულებელია. თავის ფუნქციებს იდეალურად ასრულებს, ბრილიანტია''.

ვილიმ კიტეიშვილზე კიდევ ერთი რამ თქვა, მას 90 წუთი თამაში არ შეუძლია და ამიტომ შევცვალეო. 28 წლის ნახევარმცველი რეგულარულად თამაშობს, თუმცა 90 წუთით თამაშისთვის მზად არაა, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ამას მასზე ამბობენ. კიტეიშვილის ბრწყინვალე თამაშიდან გამომდინარე სიტყვა დაუფასებელი სწორი შეფასებაა, მაგრამ შესაძლოა კლუბები მისი ტრავმებისკენ მიდრეკილების გამო ფრთხილობენ და სწორედ ამიტომ, გასულ ზაფხულში ტოპ ლიგებიდან საინტერესო წინადადება ვერ მიიღო და იქ დარჩენა გადაწყვიტა, სადაც ყველაზე მეტად აფასებენ.

დიმა შარიქაძე ტირანადან კრისტალსპორტისთვის

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები