თემურ ქეცბაია
Aa
Aa

ქეცბაია: “შემდეგ მატჩებში კიდევ უფრო უკეთესად ვითამაშებთ“

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველო თურქეთს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 1:3 დამარცხდა.

აღნიშნულ დაპირისპირებას საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ესწრებოდა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კომენტარი გააკეთა.

ქეცბაია:

„ამაყი ვარ გუშინდელი დღით და საქართველოს ნაკრების თამაშით. გამართულად და ხარისხიანად ვითამაშეთ, ტრიბუნაზე ქართველი გულშემატკივარი არ გაჩერებულა და ალბათ ყველამ თავის ოჯახის წევრის, ახლობლის თუ მეგობრის წილი ხმა ჩამოიტანა გერმანიამდე.

ისტორიული ამბის მონაწილეები ვართ და მჯერა, შემდეგ მატჩებში კიდევ უფრო უკეთესად ვითამაშებთ. ჩვენი პირველი გამოცდა მაღალ დონეზე ჩავაბარეთ და მადლობა ყველას, ვინც გუშინდელი დღე ასეთი დასამახსოვრებელი გახდა. წარმატებები ჩვენს ეროვნულ გუნდს.“

ცნობისთვის, შემდეგ ტურში საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 22 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

რაც შეეხება თურქეთს, მონტელას შეგირდები პორტუგალიას დაუპირისპირდებიან, რომელმაც ჩეხეთს 2:1 მოუგო.


მსგავსი სიახლეები