ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ასე მოკლე დროში ეს როგორ შეიძლება ? - სპალეტიმ ლაურენტისი გააკრიტიკა

„ნაპოლის’’ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში აურელიო დე ლაურენტისის იმ შეცდომებზე ისაუბრა, რომელიც მწვრთნელების ხშირ ცვლად ეხება.

„რა მოხდა „ნაპოლიში’’? ზოგადად, სამ მწვრთნელს ხუთ წელშიც კი არ ცვლიან. როგორ შეიძლება ფეხბურთელმა ასე მოკლე დროში, რამდენიმე თვეში ამდენად ბევრი რამე აითვისოს მწვრთნელებისგან, რომელთაც განსხვავებული მეთოდები და თვისებები აქვთ?

ზოგჯერ ფეხბურთელებმა თავი კომფორტულად უნდა იგრძნონ, დარწმუნდნენ თავიანთ სიძლიერეში. ახალგაზრდა მოთამაშეები, როგორიცაა მაგალითად ზირკზე, უნდა განავითარო, დაიცვა და მხარი დაუჭირონ ყოველდღიურად’’.

2022-23 წლების სეზონში ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილი „ნაპოლი'' იტალიის ჩემპიონი გახდა, თუმცა შემდეგ აურელიო დე ლაურენტისმა საჩემპიონო გუნდის მთავარი მწვრთნელი გაუშვა და მიმდინარე სეზონში სამი სამწვრთნელო ცვლილება განახორციელა, სეზონი რუდი გარსიამ დაიწყო, ვალტერ მაცარიმ გააგრძელა და ფრანჩესკო კალცონა ასრულებს. დიდი ალბათობით, ახალ სეზონში „პარტენოპეის'' სტეფანო პიოლი გაწვრთნის, რომელიც ამ სეზონის შემდეგ „მილანს'' დატოვებს.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში „ნაპოლი'' 51 ქულით მე-8 ადგილზეა, ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. საჩემპიონო სეზონის შემდეგ „პარტენოპეისთვის'' სეზონი წარუმატებელი გამოვიდა, რაზეც ცხადია აურელიო დე ლაურენტისის გადაწყვეტილებებმა დიდი გავლენა მოახდინა, მწვრთნელთა ხშირი ცვლა და ტრანსფერებისთვის მცირე თანხის გამოყოფა შედეგზე ლოგიკურად აისახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები